“რუსეთი გაჩერებას არ აპირებს” – ლანდსბერგისი

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან და ვაშინგტონს, ამერიკის ლიდერის როლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ლატვიის, ლიეტუვისა და ს საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ ამერიკაში ყველას უნდა ესმოდეს, საფრთხეს არა მხოლოდ მის მეზობლებს, არამედ სწორედ შეერთებული შტატების გლობალურ როლსა და ავტორიტეტს უქმნის.
„თუკი რუსეთი შეძლებს იმას, რასაც თავდაცვის სამინისტრო ამბობს, მათი რეგულარული ჯარი, შესაძლოა, 1.7 მილიონამდე გაიზარდოს. ასეთი ციფრები კი არათუ ცივი ომის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ეს კი ერთ რამეს გვეუბნება. რა მოხდება შემდეგ? პირველ ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ ზე, გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომ რუსები იქ შევაჩეროთ. მაგრამ, თუკი ამას ვერ შევძლებთ, რომელი ქვეყნები გამოიყურება პუტინისთვის სასურველად? საქართველო, რომელსაც უკვე დაესხა თავს 2008 წელს და მოლდოვა, რომლის საზღვრებშიც, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსული ჯარი დგას. გამოფხიზლების დროა“, – თქვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ვაშინგტონში, „ჰადსონის ინსტიტუტში“ გამართულ შეხვედრაზე.
2024 წლის 29 მარტს 20 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ეს სამი ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა. წლების განმავლობაში ისინი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან. ქვეყნები, მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით, ლიდერობენ გაწეული დახმარების კუთხითაც. ამასთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვაშინგტონს უკვე არაერთი ბალტიისპირელი პოლიტიკოსი და დიპლომატი ეწვია. მათი უმთავრესი მოწოდებები, როგორც წესი, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში, ამერიკის ლიდერობის გაგრძელებას და უკრაინის დახმარების გაძლიერებას უკავშირდება.
ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი დიპლომატები, სახელმწიფო დეპარტამენტში, მდივან ენტონი ბლინკენსაც შეხვდნენ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მათ როლს, როგორც საკუთარ თავდაცვაში გაწეული დანახარჯებით, ისე – უკრაინის მხარდაჭერით.
„ისინი ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაშიც მაშინ, როცა ეს ასეთი არსებითი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს, ამ სამი ქვეყნისგანაც და ამერიკის მხრიდანაც, არის იმის აღნიშვნა, აღიარება, თუ რა დევს სასწორზე მაშინ, როცა უკრაინის დახმარებაზე ვსაუბრობთ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე – თავად უკრაინა. ესაა საბაზისო პრინციპი, რომ მსოფლიოს გარშემო ადამიანები და ქვეყნები იმსახურებენ უფლებას, თავად შექმნან თავიანთი მომავალი და მათ ნაცვლად ამის გაკეთება სხვა ძალამ არ სცადოს”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ბალტიისპირელი საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობისას.
შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა ბალტიისპირელ კოლეგებს ამ ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ უკრაინის მდგრადი დახმარებისა და ნატოს მომავლის კუთხითაც, ჯერ კიდევ, ბევრი თანამშრომლობა და მუშაობაა საჭირო.
გასული კვირის ბოლოს, ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა ფინანსური პაკეტი, რომელიც ბალტიისპირეთის ამ სამი ქვეყნისთვის სამხედრო და თავდაცვის კუთხით, წელს, 228 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს. ეს „ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივის“ ფარგლებში მოხდა. ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის დახმარება უკიდურესად მნიშვნელოვანია რუსეთის მეზობელი, ნატოს წევრი ქვეყნისთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად და თავდაცვის შესაძლებლობლობების გასაზრდელად საჭირო პროექტებისთვის. თავდაცვის მინისტრის, ჯანო პევკურის თქმით, ეს დახმარება, გასულ წელთან შედარებით, ოდნავ მეტიც კია.
„ეს ფინანსური დახმარება მკაფიო სიგნალია, რომ ამერიკა, ნატოს წევრი უდიდესი მოკავშირე, ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგულია“, – თქვა მინისტრმა.
„ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივა“, როგორც თანამშრომლობის ფორმატი, 2020 წელს შექიმნა. ამ ფორმატის ფარგლებში, -ის თავდაცვის დეპარტამენტი ნატოს სამ წევრ სახელმწიფოს სამხედრო შესაძლებლობების და ურთიერთთავსებადობის გაზრდაში ეხმარება.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვილნიუსისა და მისი მეზობლებისთვის, წელს, ნატოს 75 წლის იუბილესთან ერთად, საბჭოთა კავშირის მიერ მათი ქვვეყნებიდან ასობით ათასი მოქალაქის მასობრივი დეპორტაციების თარიღიც აღნიშნება, რაც მათთვის წარსულის ის გაკვეთილია, რომლის გამეორებაც არ უნდა დაუშვან არც ბალტიისპირეთში და არც – უკრაინაში.
„ამ მოვლენების გახსენება გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რას ვაფასებთ დღეს ყველაზე მეტად: უსაფრთხოება, დაცულობა და კეთილდღეობა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში მივაღწიეთ და მომავლის რწმენა, რომ ეს აღარასდროს განმეორდება არც ჩვენს ქვეყნებში, და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც დღეს თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან. ესენი არიან უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობენ და საქართველო, რომელიც 2008 წელს თავდასხმის სამიზნე იყო“, – განაცხადა ლანდსბერგისმა სახელმწიფო დეპარტამენტში.
ლიეტუველი დიპლომატი ფიქრობს, რომ მაშინაც კი, როცა ევროპული ქვეყნები თავის როლს ასრულებენ და დიდი წვლილი შეაქვთ ს დახმარებაში, რუსეთის შეკავებაში, ამერიკის ლიდერობას ვერაფერი ჩაანაცვლებს. მისი აზრით, მაშინ, როდესაც ვლადიმირ პუტინი დასავლეთში პოლიტიკური ნების არარსებობაზე დებს ფსონს, დასავლურმა დემოკრატიებმა საკუთარ თავს თავად არ უნდა დაუწესონ წითელი ხაზები, რომელსაც შემდეგ, სათავისოდ, მხოლოდ რუსეთი გამოიყენებს.
ვაშინგტონში ასევე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ყვველას უნდა ესმოდეს, უკრაინა არა მხოლოდ თავისუფალი დემოკრატიული სამყაროსთვის იბრძვის და არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის: „ის ჩვენ ნაცვლად იბრძვის… არაა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენ ნაცვლად“.
მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების ფორმულა, დასავლეთის მიერ, ამ გამარჯვების მიზნად დასახვით იწყება.
„პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მიზანი, რომ ეს ამ ომში უკრაინის გამარჯვებაა… ამ გამარჯვების გარეშე, ნებისმიერი ტიპის მშვიდობა, ან შეჩერება ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში უფრო დიდი პრობლემები გვექნება“, – ამბობს მარგუს ცაჰკნა.
მინისტრი ფიქრობს, რომ “ყალბი” არჩევნების, რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმის, მასზე რეაგირების და ომის თაობაზე შეცვლილი რიტორიკის ფონზე, შესაძლოა, მოსკოვმა მალე სრულმასშტაბიანი საყოველთაო მობილიზაციაც გამოაცხადოს. ნატოში კი, ამ ყველაფრის პარალელურად, უკრაინის დახმარება უნდა იზრდებოდეს, არა თუ ყოვნდებოდეს.
„ჩვენ უკრაინელებს უნდა მივცეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ – იარაღი, ამუნიცია… უნდა დავრწმუნდეთ იმაშიც, რომ უკრაინის პერსპექტივაც არის ნატოს სრულუფლებიანი წევრობა. რადგან, ჩვენ ვნახეთ, რუსეთის საზღვართან ე.წ. რუხი ზონები, ნეიტრალური ზონები არის მწვანე შუქი პუტინისთვის. ეს ვნახეთ საქართველოში, უკრაინაში… ეს გაიაზრეს შვედებმაც, 200-წლიანი ნეიტრალიტეტის შემდეგ ისინი ნატოს შეუერთდნენ“, – განმარტავს მარგუს ცაჰკნა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისიანის კარინსი კი ვაშინგტონში რამდენიმე შეხვედრისას და მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში გამუდმებით უსვამს ხაზს იმას, რომ უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება, ბალტიისპირელებისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ იმიტომ არაა, რომ მათ საშიში მეზობელი ჰყავთ, არამედ იმიტომ, რომ ეს სწორედ ამერიკის ლიდერობით შექმნილ, “წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს” და ამ მსოფლიოში ამერიკის როლს ემუქრება.
“თუკი ფიქრობთ, რომ ეს რეგიონული პრობლემაა, ცდებით. ეს მსოფლიოში ამერიკის ძალისა და ავტორიტეტისთვისაა პირდაპირი გამოწვევაა… ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რა არის ჩვენი მიზანი: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი კი უნდა დამარცხდეს. რადგან, თუ ეს ასე არ მოხდა, ამას მთელ მსოფლიოზე ექნება გავლენა. რუსეთი ორი წელია აწარმოებს ომს იმისთვის, რომ მსოფლიო წესრიგი ყირაზე დააყენოს. მას სურს დაგვაბრუნოს იმ ბნელ ეპოქაში, რომელში დაბრუნებაც მგონი არავის სურს”, – ამბობს ლატვიის პირველი დიპლომატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ის განმარტავს, რომ მათი გზავნილი მკაფიოა: ევროპა და ბალტიისპირეთის ლიდერები თავის წვლილს პირნათლად ასრულებენ, ამერიკამ კი, უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფით, მსოფლიოში საკუთარი ადგილიც უნდა დაიცვას. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატოს მოკავშირეებს ძალის ჩვენების არ უნდა შეეშინდეთ, რადგან რუსეთი ჩვეულებრივი მჩაგვრელივითაა – “მას მხოლოდ ძალის ენა ესმის”.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…