ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი
რა აახლოებს და რა აშორებს სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას – ნეტგაზეთთან სომხეთის პარტია “რესპუბლიკისთვის” თავმჯდომარე, სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, არმან ბაბაჯანიანი საუბრობს.
გვაახლოებს თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ტყვეთა გაცვლის უკანასკნელი ფაქტი?
ცხადია, ტყვეთა, დაკავებულთა უკანასკნელი გაცვლა მნიშვნელოვანი, პოზიტიური ნაბიჯია მხარეებს შორის, რომელიც ნდობის აღდგენას დაეხმარება, რაც თავის მხრივ, სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო კომპონენტია. თუმცა, თავად სამშვიდობო შეთანხმება, უნდა მოიცავდეს რეგიონის არქიტექტურის მთავარ პრინციპებს და ცალკე სამუშაოს ითხოვს. ამ გზაზე მთავარი პრობლემა კი ბაქოს უარია, აღიაროს 1991 წლის საზღვრებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას – საუბარია აზერბაიჯანის 86,6 და სომხეთის 29,8 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორიებს.
ტყვეთა გაცვლა, შუამავლების გარეშე მოლაპარაკებების შედეგია. იბადება კითხვა, თუ მხარეებს შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა, რაშია შუამავლების როლი?
გავლენიანი შუამავლები, რომლებიც რეგიონში მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობით არიან დაინტერესებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არიან. ჩვენს შემთხვევაში ეს არის აშშ, ევროკავშირი და ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნები. მათ შორის ტყვეთა, დაკავებულთა გაცვლის საკითხში შუამავლების როლი გადამწყვეტი იყო, თუმცა, ერთი შეხედვით, ჩანდა რომ პროცესი ორმხრივი იყო.
მინდა შეგახსენოთ, რომ სომეხი სამხედრო ტყვეების გაცვლის ვალდებულება აზერბაიჯანმა ჯერ კიდევ 2020 წლის 9 ნოემბერს აიღო, თუმცა, ის არ შეუსრულებია, იმ დროს, როდესაც სომხეთმა ყველა აზერბაიჯანელი ტყვე გაათავისუფლა. იბადება კითხვა, რატომ შეასრულა ვალდებულება აზერბაიჯანმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ? რა შეიცვალა ამ დროში? შეცვლით ბევრი რამ შეიცვალა და ეს დაკავშირებულია როგორც შუამავლების ძალისხმევასთან, კონკრეტულად კი აშშ-ს და ევროკავშირის, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში და როგორც სომხეთის “სტრატეგიული” პარტნიორის, რუსეთის მკვეთრ მორალურ-პოლიტიკურ დასუსტებასთან.
გარდა ამისა, მომავალი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს მისი შესრულების გარკვეულ გარანტიებს და მისი დარღვევის შემთხვევაში, უნდა იყოს ცხადი, რა მექანიზმები ამოქმედდება დამრღვევის წინააღმდეგ.
ისევ და ისევ, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ გავლენიანი შუამავლის-გარანტის არსებობა აუცილებელი პირობაა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამის მაგალითია, ეგვიპტესა და ისრაელს შორის 1978 წლის კემფ-დევიდის შეთანხმება, 1995 წლის დეიტონის შეთანხმება და ა.შ. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სხვა სავალდებულო პირობაა პროცესიდან მესამე სუბიექტის, კონფლიქტის ბენეფიციარის განდევნა. ჩვენს შემთხვევაში, ეს ცხადია, რუსეთია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჩვენს შემთხვევაში შუამავლი და გარანტორი დასავლეთი უნდა იყოს და რუსეთი პროცესს გამოეთიშოს. ამასთან, ბონუსი იქნებოდა, თუ რუსეთი საერთოდ დატოვებდა ჩვენს რეგიონს.
ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, რატომაა ამდენი მოლაპარაკებათა ფორმატი საჭირო? როდის გაჩნდნენ ისინი და რაშია განსხვავებები მათ შორის?
მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებათა მთელი ისტორია არა მხოლოდ კონფლიქტის მხარეებს შორის, შუამავლებს შორისაც დაპირისპირების ისტორიაა. სწორედ მათ შორის ურთიერთობების დასალაგებლადაც შეიქმნა ეუთოს ეგიდით მინსკის ჯგუფი აშშ-ს, საფრანგეთისა და რუსეთის სამმხრივი თანათავმჯდომარეობით. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ ჯერ 2016 წელს 4 დღიანი, შემდეგ კი 2020 წელს 44 დღიანი ომი მოხდა, იმას მოწმობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ვერც კონფლიქტის მოგვარება და ვერც თავად შუამავლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ამის ორი მიზეზი არსებობს:
პირველ რიგში, აბსოლუტურად ესაა სრულიად სხვადასხვა მიზანი მოლაპარაკებათა პროცესში, რომელიც ერთი მხრივ, აქვს რუსეთს და მეორე მხრივ, საფრანგეთსა და აშშ-ს. რუსეთი იყო და რჩება მხარედ, რომელიც არ არის დაინტერესებული ხანგრძლივი, საყოველთაო და ღირსეული მშვიდობის დამყარებით, რამდენადაც, გააზრებული აქვს, რომ მალევე ის რეგიონისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდება, იმ დროს როდესაც აშშ-ს და საფრანგეთს სრულიად საპირისპირო ინტერესები აქვთ. ამიტომაც, რას აკეთებდა რუსეთი – ფორმალურად მხარს უჭერდა კონსესუსს მინსკის ჯგუფში, თუმცა, პარალალურად აყალიბებდა მოლაპარაკებების საკუთარ არხს იმ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის აღსაკვეთად, რომელსაც მინსკის ჯგუფი მხარს უჭერდა.
2020 წლის ომის შემდგ, განსაკუთრებით უკრაინაში 2022 წელს რუსეთის აგრესიის შემდეგ, რუსეთის აღარ მალავს საკუთარ დაინტერესებას იმაში, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ დამყარდეს ხანგრძლივი და სრულფსოვანი მშვიდობა, აქეზებს აზერბაიჯანს აგრესიული ქმედებებისკენ, სომხეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ კი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
მეორე მიზეზი კი საქართველოსთვის კარგადაა ცნობილი – NATO-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დასავლეთს აღარ ჰქონდა სურვილი რუსეთის “გაღიზიანებისა”, რისი შედეგებიც ცნობილია. თუმცა, ახლა ბევრი შეიცვალა და ვხედავთ, რომ წარსულის ინერცია მხოლოდ ნაწილობრივ არის დაძლეული.
ჩავარდნილია უკვე რუსეთის შუამავლობა სომხეთისთვის?
რუსეთი არა მხოლოდ მოლაპარაკებათა პროცესის პროფანაციითა და რეგიონში საკუთარი თავის გაძლიერების მიზნით, ახალი ომის წაქეზებით იყო დაკავებული მთელი წლები, არამედ საკუთარი ნეოიმპერიული დოქტრინის შესაბამისად, სომხეთის მთლიანად შთანთქმა სურდა. როგორც 2022 წლის 13-14 სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რუსეთი სომხეთს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს, არ აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის საზღვრებში, მისი ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის მომხრეა, აზერბაიჯანს ძალადობრივი ქმედებებისკენ აქეზებს, როდესაც მის პოლიტიკურ “დაცვას” უზრუნველყოფს. მსგავსი მიზნებისთვის იყენებს ე.წ. შუამავლობას, რაც სომხეთისთვის მიუღებელია. ისევე როგორც მიუღებელია ОДКБ-ს პოზიცია, სადაც დე იურე სომხეთი ჯერ კიდევ ირიცხება, თუმცა, დე ფაქტო საკუთარი მონაწილეობა შეწყვიტა.
არის თუ არა საკმარისი დასავლელი შუამავლების ძალისხმევა? რატომაა დასავლეთი დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებაში?
აშშ-მ და ევროპამ 2022 წლის ომის შემდეგ ბევრი გააკეთეს, რათა რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, აზერბაიჯანის წაქეზება, რეგიონში ახალი ესკალაცია და სომხეთში მოსკოველი მარიონეტების ხელისუფლებაში მოსვლა არ დაეშვათ.
14 სექტემბერს კი, როდესაც აზერბაიჯანმა სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაარღვია და მის ტერიტორიაზე შევიდა, ფართომასშტაბიანი ომი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო ზარმა შეაჩერა.
რუსეთის ჰიბრიდული ომისა და აზერბაიჯანის განგრძობითი აგრესიული რიტორიკის ფონზე, სომხეთსა და მის საზღვრებზე სიტუაციის სტაბილიზაციაში მნიშვნლოვანი როლი ითამამა ბრიუსელის საკმაოდ ოპერატიულმა გადაწყვეტილებამ, მუდმივი სადამკვირვებლო მისიის [EUMA- 200 ზე მეტი წარმომადგენლით, მათ შორისაა, კანადა] განთავსების შესახებ ერევნის თხოვნაზე. ოქტომბრის დასაწყისში, ესპანეთში ევროპულ პოლიტიკურ სამიტზე ერევანს, ბრიუსელს, ბერლინსა და პარიზს შორის შედგა შეთანხმება სომხეთ-აზერბაჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველად პრინციპებზე: ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარება; თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ კომუნიკაციაზე სუვერენიტეტი, სახელმწიფოთაშორისი საზღვრის 1991 წლის და 1975-1991 წლების საბჭოთა გენერალური შტაბის დადგენილ საზღვრებში დელიმიტაცია და დემარკაცია. თუმცა, პრეზიდენტმა ალიევმა უარი თქვა სამიტში მონაწილეობაზე და საფრანგეთი პროსომხურ პოზიციებში დაადანაშაულა. შემდეგ კი შეპირდა ბრიუსელში მოლაპარაკებებზე დასწრებას, თუმცა, არც მაშინ შეასრულა დანაპირები შარლ მიშელისა და ჟოზეფ ბორელის “პოზიციების” გამო.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შედეგად მთიანი ყარაბაღის სრულად დაიცალა სომხებისგან და ევროპამ და სომხეთმა ეს ეთნიკურ წმენდად შეაფასეს. ამასთან, ბევრი აფრთხილებდა ბაქოს, მსგავსი ნაბიჯები არ გადაედგა. ყოველივე ამის შედეგი გახდა ვაშინგტონის გამკაცრებული ტონი და 15 ნოემბერს აშშ-ს კონგრესში მოსმენები “მთიანი ყარაბაღის მომავალზე”, რომელიც ბაქოს მისამართით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის მკვეთრი განცხადებებით დაგვირგვინდა. ამასთან, სულ უფრო გახშირდა ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებში აზერბაიჯანისა და მისი პრეზიდენტის მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბარი. ამ დონზე პრეზიდენტმა ალიევმა ასევე უარი თქვა ვაშინგტონში სომხეთ-აზერბაიჯანის შეხვედრაში მონაწილეობაზე. ამჟამად კი ვაშინგტონი და ბრიუსელი სინქრონულ ძალისხმევას მიმართავენ იმისთვის, რომ ასეთი შეხვედრა 2024 წლის იანვარში მაინც შედგეს.
საუბარი იმაზე, რამდენდ საკმარისია დასავლეთის ძალისხმევა, მხოლოდ საბოლოო შედეგით შეიძლება განისაზღვროს, თუმცა, დღეს დასავლეთი როგორც არასდროს, ისეთი აქტიურია. მიზეზი ამ დაინტერესებისა არის ის, რომ დემოკრატიული, ღია საზოგადოებისა და თავისუფალი ვაჭრობისს პარადიგმაში დასავლეთი აპრიორი დაინტერესებულია ამ კონფლიქტის გადაჭრითა და რუსეთს მიღმა ტრანსრეგიონალური სატრანსპორტო მაგისტრალების ჩაშვებით, რომელიც ჩამოაყლიბებს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ინტერესს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის.
რა უშლის მხარეებს ხელს წლის ბოლომდე მოაწერონ ხელი სამშვიდობო შეთანხმებას?
საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკების საფუძველზე შექმნილი საბაზისო პრინციპები, რომლის საფუძველზეც უნდა მოეწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, უკვე გაწერილია ქაღალდზე ბრიუსელს, ბერლინს, პარიზს, ვაშინგტონსა დ ერევანს შორის. ახლა ბაქოს ჯერია მოქმედებისთვის. მოკლედ რომ გიპასუხოთ, მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მოსკოვი აგრძელებს შეთანხმების ჩაშლას, ბაქო დროს წელავს, რომ ნახოს, როგორ გაგრძელდება რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება, რისის ინდიკატორიც უკრაინაში ომია. ამიტომაც ჯერჯერობით ბაქო თავს იკავებს დასავლეთის ფორმატებისგან.
სანამ არ მოხდება საზღვრების დელიმიტაცია, შეთანხმებაზე საუბარი შეუძლებელია? სომხეთს და საქართველოსაც აქვთ მაგალითად დაუზუსტებელი მონაკვეთები, თუმცა, ეს კონფლიქტს არ იწვევს.
ეს ამ შემთხვევაში, არაკორექტული შედარებაა, სომხეთსა და საქართველოს შეიძლება ჰქონდეთ ჯერ კიდევ ბევრი გადაუჭრელი საკითხი, თუმცა, უნდა ყველა ეს საკითხი კონფლიქტის ლოგიკის მიღმაა. მაშინ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ გადაჭრან რთული, მრავალწლიანი, სისხლიანი, უნდობლობითა და სიძულვილით სავსე კონფლიქტი.
სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, როგორ გესახებათ სომხეთის მომავალი?
ჩემი რწმენით, აზერბაიჯანთან გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი და ღირსეული მშვიდობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის, თავისუფალ ევროპულ ოჯახში სომხეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი წევრობის საკითხები ეს სამმაგი ამოცანაა, რომლის შესრულებაც ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების მიმართ ჩემი თაობის ვალია.