რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 იანვარს იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა შეხვედრა გამართა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მაღალჩინოსანთან, მუსა აბუ მარზუკთან, საიმისოდ, რომ განეხილა “არსებული დაძაბულობა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში” და “ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელმაც კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია”.
რუსეთის მხარემ “ხაზი გაუსვა საჭიროებას მალე იქნენ გათავისუფლებული სამოქალაქო პირები, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს შეიპყრეს და პალესტინელთა ფრაქციების ტყვეობაში არიან, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე” – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ღაზის სექტორში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, მოკლა 1200-მდე ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა (მათგან 130 უკვე გათავისუფლებულია). ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა შედეგად სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.