რუსეთის არმია განაგრძობს მაქსიმალურ ზეწოლას ჩასივ-იარზე

„რუსული ჯარები ჩასივ-იარში (Часів Яр) იყენებენ “მაქსიმალური ზეწოლის” ტაქტიკას“, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ეთერში განაცხადა ეროვნული გვარდიის „რუბეჟის“ მეოთხე საარტილერიო ბრიგადის ოფიცერმა ვლადიმერ ნაზარენკომ.
„მათ აირჩიეს მაქსიმალური ზეწოლის ტაქტიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ დინამიკური თავდაცვის პირობებში. მთავარი ამოცანაა, შეაჩეროს მტრის წინსვლის მცდელობები და გაანადგურონ დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალი ძალა“, – აღნიშნა ვლადიმერ ნაზარენკომ.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ რუსული არმიის წინსვლის მცდელობების 90%-ს.
„მტრის ძალისხმევა მიმართულია არა მარტო ჩასივ-იარზე. მტერი მთელ ფრონტზე ეძებს სუსტ ადგილებს, სადაც გარღვევას და წინსვლას შეძლებს… მტერი საგულდაგულოდ ემზადება ყოველი თავდასხმისთვის, ახდენს უზარმაზარი რაოდენობის არტილერიის, აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და პერსონალის კონცენტრირებას, ახორციელებს დისტანციურ დანაღმვას, იყენებს მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს და აწარმოებს დაზვერვას, თუმცა ხერხდება იერიშების უმეტესობის მოგერიება. რაც მთავარია, უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად არ აძლევენ მტერს დაჯგუფების საშუალებას… ეს არის არტილერისტების, ქვეითებისა და მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი“, – აღნიშნა ნაზარენკომ.
ავდეევკის აღების შემდეგ, ს ჯარებმა განაგრძეს წინსვლა ქალაქის დასავლეთით და ამავე დროს გაზარდეს ზეწოლა ბახმუტის მიმართულებით, სადაც რუსული ჯარების ძალისხმევის ეპიცენტრად იქცა ჩასივ-იარი.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება