საქართველოს რკინიგზის ტენდერში დისკვალიფიკაცია მიენიჭა კომპანიას, რომელიც ქართულ მხარეს ლოკომოტივების შეკეთებას უკრაინულ და ლატვიურ კომპანიებში სთავაზობდა.
ამჟამად ტენდერში მონაწილედ მხოლოდ ერთი კომპანია შპს გეორგია დარჩა, რომელიც ელმავლების შეკეთებას საქართველოს რკინიგზას რუსეთის ქარხნებში სთავაზობს.
საუბარია საქართველოს რკინიგზის ტენდერზე, რომლის ღირებულებაც 270 მილიონ ლარზე მეტია (270 430 671.00). ტენდერით ელმავლების და თბომავლების საქარხნო კაპიტალური შეკეთება უნდა მოხდეს.
ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს სკინესტ რეილ ჯორჯია და შპს გეორგია.
შპს სკინესტ რეილ ჯორჯია საქართველოს რკინიგზას ელმავლების შემკეთებელ ქარხნებად „ლვოვის ლოკომოტივების სარემონტო ქარხანას“ (უკრაინა) და „დაუგავპილსის ლოკომოტივების სარემონტო ქარხანას“ (ლატვია) სთავაზობდა. თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
„საქართველოს რკინიგზის“ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მიზეზი ისაა, რომ საქარხნო კაპიტალური შეკეთება უნდა განხორციელდეს შემკეთებელი საწარმოს იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც მითითებულია შპს სკინესტ რეილ ჯორჯიას მიერ სისტემაში ატვირთულ სერტიფიკატშია მითითებული, კერძოდ, უკრაინის ქალაქ ლვოვში.
თუმცა, როგორც სატენდერო სხდომის ოქმშია აღნიშნული, სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციით დგინდება, რომ „ლვოვის ლოკომოტივების სარემონტო ქარხანა“ მომსახურების განხორციელებას გეგმავს არა აღნიშნულ, არამედ სხვა საწარმოს, კერძოდ- „დაუგავპილსის ლოკომოტივების სარემონტო ქარხანის“ საწარმოო ბაზაზე.
რკინიგზის განცხადებით, აღნიშნული არსებითად წინააღმდეგობაში მოდის შემსყიდველის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნასთან.
ახლა საქართველოს რკინიგზის 270-მილიონიან ტენდერში ერთადერთ მონაწილედ შპს გეორგია დარჩა, რომელიც ლოკომოტივების შეკეთებას რუსეთის ქარხნებში, ჩელიაბინსკის ელმავლების სარემონტო ქარხანასა და ტამბოვის რეგიონში მირუჩინსკის ლოკომოტივების სარემონტო ქარხანაში სთავაზობს.
