ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს „კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი, რომელიც თავის მოსაზრებას სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში გეგმავს დელეგაციის ვიზიტს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა“, – წერს კოლსი.
მისი სიტყვებით, ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას – რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით და საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით. ასევე, პერიოდს არჩევნების შემდგომ, რომელიც, ევროპარლამენტარის თქმით, ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა არღვევდა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს – „ის არ იყო არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე“:
„ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს მოუტანს პროპაგანდისტულ გამარჯვებას, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, რომელიც ყალიბდება, და ამავე დროს მნიშვნელოვნად ძირს გამოუთხრის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას“.
რიჰარდს კოლსი მიიჩნევს, რომ თუ პია კაუმას ასე ძლიერ სურს ეს ვიზიტი, ის კერძო სტატუსით უნდა ჩავიდეს საქართველოში და არა როგორც წარმომადგენელი საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტისა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იქნებოდა „ასეთი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯებისა“:
„სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. ვიქონიოთ იმედი, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, – წერს ევროპარლამენტარი, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფის წევრი.
რიჰარდს კოლსის სტატუსს X-ზე გააზიარა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ და დაწერა, რომ ერთპარტიულ რეჟიმთან შეხვედრა ახლა ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა:
„არც ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი არ უნდა შეხვდეს საქართველოს მმართველ პარტიას, სანამ ის არ აიღებს ვალდებულებას აღადგინოს ნდობა საკუთარი ლეგიტიმურობისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების გზით“, – წერს იან კელი.