რეჟისორი მარიამ ჭაჭია, თანაავტორი ფილმისა “ჯადოსნური მთა”, სოციალური ქსელით პასუხობს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ბრალდებებს მისი და ფილმის მისამართით და თავის მხრივ მას ამხელს მცდარ შეფასებებსა და დამოკიდებულებებში.
“წელს ტურბულენტური, მაგრამ ძალიან წარმატებული წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის ამ დარგში [კულტურა]”, – ასე დაიწყო თეა წულუკიანმა საუბარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და გააგრძელა მარიამ ჭაჭიას ფილმის “ჯადოსნური მთის” მიმოხილვითა და რეჟისორის კრიტიკით. „იმედის“ ეთერში დათმობილი ნახევარსაათიანი ეთერიდან 15 წუთზე მეტი მინისტრმა რეჟისორის კრიტიკასა და აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის „ამაღორძინებელ“ საქმიანობაზე საუბარს მიუძღვნა.
„კინოცენტრი თავს გრძნობს მოტყუებულად. ეს ფილმი დაფინანსებული იქნა 2016 წელს, როგორც დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაში, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა, ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება არის დაუშვებელი“, — თქვა წულუკიანმა.
„შეცდომაა, თითქოს დოკუმენტური ფილმი წინასწარ განსაზღვრული სცენარით უნდა დასრულდეს. თუკი ფილმი რეალურ ფაქტებს ასახავს, როგორ შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული სცენარი? შეცდომაა! როდესაც ქალბატონი მინისტრი ამბობს, რომ დოკუმენტურ სცენარში ცვლილება დაუშვებელია და ეს მსოფლიო პრაქტიკაა, არა! დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს ყოველთვის გაქვს საშუალება, მოვლენებს აუწყო ფეხი”, — უპასუხა მინისტრს მარიამ ჭაჭიამ.
მინისტრ წულუკიანის მოსაზრებით, ფილმი „ჯადოსნური მთა“ იმის დასტურია, რომ რეფორმებამდე კინოცენტრი „ჩაწყობებითა და თვალის ჩაპაჭუნებებით“ მუშაობდა.
„ჯადოსნური მთის“ პროექტი, სამუშაო სახელწოდებით „აბასთუმანი“, 2016 წელს დააფინანსა კინოცენტრმა და მისი პირველადი, დაუსრულებელი ვერსია 2017 წელს ჩაბარდა.
„იქ არ იყო საუბარი არც ბიძინა ივანიშვილზე, არც ე.წ. ოლიგარქზე. 2018 წელს აცხადებს ბიძინა ივანიშვილი, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციაში დაეხმარება სახელმწიფოს და სახელმწიფო და „ქართუ“ ერთვებიან აბასთუმნის აღორძინებაში. ქალი რეჟისორის გადაღებული ფილმია [„ჯადოსნური მთა“], რომელიც ალბათ ფიქრობს, რომ ახლა დადგა მომენტი, გზადაგზა შეცვალოს [სცენარი] და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით დაიმკვიდროს ადგილი. აბასთუმანი ხდება „ჯადოსნური მთა“ და რეალურად, ალბათ, მის ავტორს აქვს სურვილი, რომ რაღაცა ტიპის თანამედროვე ცაუბერბერგი შექმნას, მაგრამ ცაუბერბეგის ნაცვლად ვიღებთ ერთ მშვენიერ აფიორას“, — სიცილით თქვა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, აფერა იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღორძინებს აბასთუმანს, „ქალი რეჟისორი“ კი ამბობს ტყუილს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია და გაანადგურა ტუბერკულოზთან ბრძოლის მთელი სამედიცინო ინფრასტრუქტურა აბასთუმანში. წულუკიანის შეფასებით, ეს არის ტყუილი, რომელმაც ქალი რეჟისორი, თავის პროდუქტიანად, გაყიდვადი უნდა გახადოს.
„აშკარად, თეა წულუკიანს ფილმი არ უნახავს, რადგან შეცდომაა, როდესაც ამბობს, ვითომ ფილმში ტუბ.ცენტრის „დასამარებაზე“ ვყვები. ფილმი შეესწრო ისტორიული შენობის გაცამტვერებას და ეს აისახა ფილმში. ჩვენს ლოკაციაზე ბიძინა ივანიშვილი შემოიჭრა (ჩვენ არ წავსულვართ მასთან) და დაანგრია ის შენობა, რასაც წლების განმავლობაში ვიღებდით და ეს ფილმში აისახა“, — ეპასუხება მინისტრს მარიამ ჭაჭია და ამატებს: „ამ ფილმს 2 რეჟისორი ჰყავს — კაცი და ქალი. იმით აპელირება, რომ ცუდი ფილმი ქალი რეჟისორის გადაღებულია, არის ქალი რეჟისორების დისკრიმინაცია. მთელი „შოუს“ განმავლობაში ქალბატონი თეა ჩემი სახელის ნაცვლად ჩემს სქესს მოიხსენიებს — ქალი რეჟისორი.“
„ჯადოსნური მთა“ მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ფილმია, მისი მსოფლიო პრემიერა მიუნხენის ფესტივალზე შედგა და მას მერე არაერთი ფესტივალი მოიარა.
თეა წულუკიანის აზრით, „ჯადოსნური მთის“ მაგალითზე კინოცენტრმა ჭკუა უნდა ისწავლოს, არსებული ბერკეტებიც აამოქმედოს და უფრო მეტიც ჰქონდეს, რომ სათანადო რეაგირებით უპასუხოს მსგავს დოკუმენტალისტებს, რომლებიც წინასწარ გაწერილი წარმოდგენებიდან გადახვევას გადაწყვეტენ.
„პირველ რიგში, ირღვევა სახელშეკრულებო პირობები. კინოცენტრი არ არის არავის დუქანი. კინოცენტრი არის სახელმწიფო ორგანიზაცია, სახელმწიფო ფონდი“, — ამბობს წულუკიანი, თუმცა სრულიად დარწმუნებულია, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ცენზურასთან.
„ერთადერთი მართალი ფრაზა, რაც გაჟღერდა ამ „შოუში“, იყო: „კინოცენტრი არავის დუქანი არაა“. მართალია, ქალბატონო თეა. კინოცენტრი არის დამოუკიდებელი კინოინდუსტრიის დამფინანსებელი ორგანო და თქვენ არ უნდა საზღვრავდეთ, რომელი ფილმი უნდა დაფინანსდეს!“ — წერს მარიამ ჭაჭია.
გარდა „ჯადოსნური მთის“ შეფასებისა, მინისტრმა ეთერში ფსევდობოიკოტად მოიხსენია პროტესტის ტალღა, რაც კინოცენტრის საქმიანობაში სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ცვლილებებს მოჰყვა და პატარა ჯგუფის მიერ წამოწყებულ რაღაცა ტიპის ტაკიმასხარაობად შერაცხა. არც სალომე ჯაში და მისი „მოთვინიერება“ დაუტოვებია ყურადღების მიღმა და მის დოკუმენტურ ფილმს საუკუნის ტყუილებს შორის საუკეთესო ტყუილი უწოდა.
წულუკიანმა ხელისუფლებისთვის ამ არასასურველ რეჟისორებთან კონტრასტის ხაზგასასმელად მოიყვანა სხვა ქალი რეჟისორი, რომლის გვარ-სახელი ასევე არ უთქვამს.
„ჩვენთვის [ქართული საზოგადოებისთვის] გადაიღონ ფილმები და მერე ჩვენ ხელს შევუწყობთ, როგორც ახლა ოსკარზე გაიგზავნა ქალი რეჟისორის შესანიშნავი ფილმი „მოქალაქე წმინდანი“, — თქვა წულუკიანმა.
„მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილის მხატვრული ფილმია, რომელიც განახლებული კინოცენტრის მიერ შექმნილმა კომისიამ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მოსაპოვებლად წარადგინა ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.
მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის ფილმს — „ჯადოსნური მთა“ — ამ დროისთვის მიღებული აქვს პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე „დოკს ბარსელონა“, ასევე პრიზი „ვერცხლის გარგარი“ ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე.