რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ქარსელაძეს საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სამთავრობო პროგრამით წარდგა.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს საქმიანობაზე, განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თავის პროგრამაში ირაკლი ქარსელაძე საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების, მუნიციპალური და ურბანული განვითარების, არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს შეეხო. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და დაკავშირებადობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
,,დღეისათვის, დასრულებული პროექტების შედეგად, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 302 კმ-ზე, ანუ 70%-ზე მეტი უკვე გახსნილია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, 2025 წელს დასრულდება თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მიმდინარე მონაკვეთების მშენებლობა და დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა. ასევე, დასრულდება თბილისი-რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა; დაიწყება და დასრულდება რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების, -სარფის მაგისტრალური გზის მონაკვეთის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელ-გასასვლელი გზის და წიწამური-ჟინვალის მაგისტრალური გზის მონაკვეთის მშენებლობა; დასრულდება ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბებისა და მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი და გაგრძელდება კახეთის მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა.
მინისტრობის კანდიდატი წყალმომარაგება-წყალარინების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყნის 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდეგ, დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამუშაოები სკოლამდელი და სასკოლო განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაგრძელდება.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, წარმატებულად განხორციელდა და გაგრძელდება ურბანული განახლების პროგრამები და პროექტები.
მინისტრობის კანდიდატმა სპორტულ ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გაწეული. მისი თქმით, გასულ წელს მარნეულში საფეხბურთო სტადიონის, სოფელ არხილოსკალოს სპორტული კომპლექსის, ბოლნისში და წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა; დასრულების ეტაპზეა ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობა; ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალისთვის კი, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი. თბილისში კი, დასრულების ეტაპზეა ყინულის სასახლე.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე საუბრისას ქარსელაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სპორტული მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა თბილისში.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აგრძელებს მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას. გაგრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და დაიწყება ახალი პროგრამა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიის განხორციელება.
გამოსვლის ბოლოს ქარსელაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ მიმდინარე წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით შეასრულა. 9 თვის მონაცემებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255.8 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს.
პრესრელიზს სამინისტრო ავრცელებს.