რა შეზღუდვებს უწესებს მაუწყებლებს “ოცნების” ახალი კანონპროექტი

დღეს, 24 თებერვალს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტი მოიცავს მთელ რიგ შეზღუდვებსა და რეგულაციებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კანონის მიღებას მოჰყვება, არის მაუწყებლების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვა. ეს ეხება, მათ შორის, სოციალურ რეკლამებსაც.
კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 66 პრიმა მუხლს, რაც დაფინანსების საკითხებს ეხება, დაემატება შემდეგი პუნქტი:
“აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ასევე, 65-ე მუხლს – სოციალური რეკლამის შესახებ, დაემატება პუნქტი: “დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.
კანონპროექტი უცხოურ ძალად განსაზღვრავს:
· უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
· ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
· იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
· ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, , ვიქტორ ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე, , ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა და .
ამავე თემაზე:
· „ოცნება“ ამჯერად მედიის წინააღმდეგ აანონსებს ახალ რეპრესიულ კანონს