რა ფუნქცია ექნება 15 სართულიან შენობას, რომელსაც მეტრო „უნივერსიტეტს“ ზემოდან აშენებენ

თბილისში სანდრო ეულის N2-სა და ვაჟა ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე, მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ 15 სართულიანი სასწავლო დაწესებულების – სამედიცინო უნივერსიტეტის შენობა აშენდება.
მშენებლობის დამკვეთი შ.პ.ს. „კაპიტალ ინვესტია“ როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ საპროექტო შენობის ჯამური ფართი 2239კვ.მ-ს შეადგენს. განმარტებითი ბარათის მიხედვით არსებულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე განთავსებულია მეტროს სავენტილაციო შახტა, რომელიც „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ (მეტრო) – სთან შეთანხმებით ტერიტორიაზე ხელუხლებელი რჩება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე გადის სანიაღვრე მილი, რომელიც შენობის საძირკველში არსებულ რკინა ბეტონის სარკოფაგში განთავსდება.
შენობა იქნება მიწის ზემოთ 15 სართულიანი, ხოლო მიწისქვეშ 1 სართული. პირველ სართულზე განთავსებული იქნება ცენტრალური მიმღები, ხოლო ანჯაფარიძის ქუჩის მხრიდან განთავსდება ავტოსადგომი.
შენობის მაქსიმუმ 25% დაეთმობა ამბულატორიულ ნაწილს, რომელიც 1-დან 6 სართულის ჩათვლით განთავსდება. ხოლო 7-15 სართულები დაეთმობა სასწავლო და საგამოცდო აუდიტორიებს. შენობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართი 14677,3 კვ/მ-ს შეადგენს.
შენობის პროექტის დოკუმენტაციაში მოყვანილია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელშიც ნათქვამია, რომ შენობა გავლენას ვერ მოახდენს საპროექტო ტერიტორიის ქვეშ და მომიჯნავედ არსებული მეტროპოლიტენის ობიექტებზე.
„ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პროექტის „საგანმანათლებლო დაწესებულება სანდრო ეულის ქუჩაზე“ მუშა დოკუმენტაციის სტადიაზე დამუშავებული კონსტრუქციული ნაწილის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მასში მოცემული გადაწყვეტილების მიხედვით მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, შენობას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა საპროექტო ტერიტორიის ქვეშ და მომიჯნავედ არსებულ მეტროპოლიტენის ობიექტზე. ხოლო მშენებლობის ნებართვების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად, მშენებლობის ტექნოლოგიით გამოწვეული შესაძლო ზეგავლენის სრულფასოვანი კონტროლისთვის, დაგეგმილი მშენებლობის დაწყებამდე, საჭიროა შერჩეული საკონტროლო ადგილების წინასწარი დაზვერვა, მშენებლობისას პერიოდული მონიტორინგი, სათანადო აქტებით დამოწმებული დაკვირვების ჟურნალის წარმოება და პროექტის კონსტრუქციულ ნახაზებში მოცემული გადაწყვეტების შეუცვლელად შესრულება.“- ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტი დათო ფირყულაშვილი.