„ტიტანიკის“ მგზავრის საათი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ოქროს ჯიბის საათი, რომელიც „ტიტანიკის“ უმდიდრეს მგზავრს ეკუთვნოდა, Henry Aldridge & Son-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა 1.175 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.
საათის თავდაპირველი მფლობელი ჯონ ჯეიკობ ასტორი იყო (47 წლის), რომელიც 1912 წელს, „ტიტანიკის“ კატასტროფისას დაიღუპა. გავლენიანი ამერიკული ოჯახის წარმომადგენლის ცხედარი შემთხვევიდან 7 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, მასთან ერთად კი 14-კარატიანი Waltham-ის ჯიბის საათიც იპოვეს.
ასტორის ოქროს საათი „ტიტანიკის“ სამახსოვრო ნივთებიდან ყველაზე ძვირად ღირებული ლოტია, რომელიც აუქციონების ისტორიაში გაყიდულა.
Henry Aldridge & Son-ის აუქციონის სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ნივთების მაღალი ღირებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დიდ ინტერესს, რომელიც საზოგადოებაში „ტიტანიკის“ არტეფაქტებისა და ისტორიისადმი არსებობს: „112 წლის შემდეგაც, ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ გემზე, მის მგზავრებსა და ეკიპაჟზე“.
„ტიტანიკის“ ჩაძირვის დროს ჯონ ჯეიკობ ასტორი მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა. მისი ქონება დაახლოებით $87 მილიონს უტოლდებოდა, რაც დღევანდელი მონაცემებით რამდენიმე მილიარდი დოლარია.