რა უფლებები აქვთ განქორწინებისას მხარეებს და როგორ ნაწილდება ქონება – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

იურისტმა, სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა და ბიზნეს მრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში – „კომერსანტის დილა“, ისაუბრა თუ რა უფლებები აქვთ განქორწინებისას მხარეებს და როგორ ნაწილდება ქონება.
მისი თქმით, განქორწინების შემთხვევაში, გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი, როცა ორივე მხარე თანახმაა და მეორე, როცა მხოლოდ ერთი მხარეა თანახმა.
„ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი თანაცხოვრება. ესაა თავისუფალი ნების გამოხატულება. შესაბამისად, როგორც ქორწინებაა თავისუფალი ნების გამოხატვა, რომ ქალი და კაცი დაოჯახდნენ, ასევე განქორწინებაც თავისუფალი ნების გამოხატვა უნდა იყოს.
განქორწინების შემთხვევაში, გვაქვს ორი ვარიანტი – როცა ქალიც და კაციც თანახმაა, ან მხოლოდ ერთი მხარეა თანახმა. პირველ შემთხვევაში, მიდიან იუსტიციის სახლში, განცხადებას წერენ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში და წარადგენენ მხოლოდ ქორწინების მოწმობას. მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე არაა თანახმა განქორწინებაზე. ამ შემთხვევაში, სამართლებრივად, განქორწინების საკითხს წყვეტს მხოლოდ სასამართლო“.
როგორც იურისტმა აღნიშნა, თუ ადამიანს სურს განქორწინება სასამართლოს გზით, მან აუცილებელია სასამართლოს მიმართოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.
„თუ გვინდა განქორწინება სასამართლოს გზით, უნდა მივმართოთ მეუღლის ადგილსამყოფელის მიხედვით. მე თუ ვიმყოფები თბილისში და მეუღლე ბათუმში იმყოფება და მსურს განქორწინებაზე სარჩელი შევიტანო სასამართლოში, უნდა შევიტანო ს რაიონულ სასამართლოში. (სამოქალაქო კოდექსი გვეუბნება, რომ აუცილებელია სასამართლოს მივმართოთ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით).
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მეუღლე იმყოფება საქართველოში, მეორე კი საზღვარგარეთ. ამ დროს ორი ვარიანტი გვაქვს: პირველი, როცა ვიცით მისი ადგილსამყოფელი და მეორე, როცა არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი;
იმ შემთხვევაში, თუ ვიცით მისი ადგილსამყოფელი, სარჩელის მეორე ნაწილს, ანუ მეორე ეგზემპლარს, ვუგზავნით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით (მის მისამართზე, უცხოეთში) და ის შეძლებს დისტანციურად ჩაერთოს სასამართლო პროცესში.
თუ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი, სარჩელში ვუთითებთ იმ ბოლო მისამართს, რომლის შესახებაც ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. (მისი ბოლო ადგილსამყოფელის მიხედვით). ამის შემდეგ, სასამართლოს პრეროგატივაა მოიძიოს, სად არის კონკრეტული პიროვნების ადგილსამყოფელი.
თუ არ ვიცი, საქართველოშია თუ საზღვარგარეთ, იგივე პროცედურას მივმართავთ. სარჩელში ვუთითებთ ბოლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს“.
გვანცა ჟორჟოლიანი თქმით, განქორწინების გაკეთება მინდობილობითაცაა შესაძლებელი, ხოლო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, განქორწინების დასრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს.
„ნებისმიერ დროს, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ, ან ვახერხებთ, მაგრამ თავს ვარიდებთ (არის შემთხვევები, როცა კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს პროცესი და არ სურთ მეუღლეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია), ამ დროს მათ შეუძლია ჰყავდეთ ადვოკატი, მინდობილი პირი.
ან თუ პიროვნება იმყოფება საზღვარგარეთ და უნდა სასამართლოზე წარმომადგენელი ჰყავდეს, შეუძლია სკაიპით მინდობილობა გააკეთოს. (საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება დისტანციური ნოტარიალური აქტი ჩაწეროს. ამას ნოტარიუსები სკაიპით მინდობილობას ეძახიან.) ამ შემთხვევაში მას სჭირდება მინდობილი პირი და ორი მოწმე. ერთი რომელიც ხელმომწერი იქნება და მეორე, რომელიც დაადასტურებს ამ პირის შესახებ, რომ ნამდვილად კონკრეტული პიროვნებაა.
სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, განქორწინების დასრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს. ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტულ სასამართლოზე, რომელსაც მიმართავს მოსარჩელე. დამოკიდებულია განსახილველი საქმეების რაოდენობაზე“.
მან ასევე ისაუბრა იმ შემთხვევებზე, როდესაც ცოლ-ქმარი, ორივე საზღვარგარეთაა ან როცა ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთანაა და სურთ განქორწინება.
„როცა საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ცოლ-ქმარი, ორივე საზღვარგარეთაა, ამ შემთხვევაში ორი გზაა. მათ შეუძლიათ მიმართონ საკონსულოს განყოფილებას, ან უფრო მარტივი გზაა ორივემ მინდობილობა გააკეთოს ადვოკატთან ან ნებისმიერ მათ წარმომადგენელთან, რომლებიც მათი სურვილისამებრ სერვისების განვითარების სააგენტოში (იუსტიციის სახლში) მივლენ და დაწერენ განცხადებას.
როცა ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთანაა და გვსურს განქორწინება, ამ დროს ქორწინება საქართველოში უნდა იყოს რეგისტრირებული. დანარჩენი პროცესი ანალოგიურად ხდება, როგორც საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში.
ყურადღებაა მისაქცევი იმ ფაქტზე, რომ თუ ქალი არის ორსული ან ჰყავს ბავშვი სამ წლამდე (მცირეწლოვანი), ამ შემთხვევაში, მამას არ აქვს უფლება, თავად დაიწყოს საქმის წარმოება განქორწინებაზე. უნდა იყოს ან ქალის თანხმობაც, ან მამაკაცი უნდა დაელოდოს როდის შეუსრულდება ბავშვს 3 წელი“.
იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა განქორწინების შედეგად ქონების გაყოფაზეც ისაუბრა.
„მეუღლეებს შორის ქონების დავები როდესაც იწყება, ჩვენ ვიცით, რომ ქონების ნახევარი რჩევა ერთ მეუღლეს, მეორე ნახევარი კი მეორე მეუღლეს; ეს ეხება იმ ქონებას, რომელიც თანასაკუთრებაშია შეძენილი (ანუ, თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი).
რა შემთხვევაში ვერ გაიყოფა ქონება შუაზე? – ეს არ ეხება იმ ქონებას, რომელიც შეძენილია თანაცხოვრებამდე; არ ეხება ქონებას, რომელიც მემკვიდრეობით ან ჩუქებითაა მიღებული; ასევე, არ ეხება ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებს (ძვირფასეულობის გარდა) და პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთებს.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, თუ თანაცხოვრების პერიოდში შევიძინეთ ქონება, ეს არის თანასაკუთრება, რომელიც ზუსტად თანაბრად იყოფა.
როგორც თანასაკუთრების გაყოფა ხდება, ასევე იყოფა ვალებიც. გაყოფა ეხება საერთო ვალებს (თანაცხოვრების პერიოდში, ერთად აღებული ვალები). შესაძლოა გაიყოს ერთ-ერთ მეუღლის სახელზე აღებული ვალი, თუ დადასტურდა, რომ ეს ვალი მეუღლემ აიღო ოჯახის ინტერესებისთვის.
აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან ამ საკითხს (ქონების გაყოფა) ხანდაზმულობა ეხება. ესაა განქორწინების მომენტიდან 3 წელი“.
გვანცა ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საუბარია იმ შემთხვევებსა და პროცესებზე, როდესაც არის რეგისტრირებული სამოქალაქო ქორწინება და ხელთ გვაქვს ქორწინების მოწმობა.