დაშავდა 6 პოლიციელი, რომლებიც კლინიკაშია გადაყვანილი – ალექსანდრე დარახველიძე

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს – დაშავდა 6 პოლიციელი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელმა აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
„საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შრის, ქვებს და ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა პოლიციელმა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში,“ – განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში ხდება პოლიციის ჩარევა აქციის მიმდინარეობის პროცესში.
დარახველიძის თქმით, როდესაც აქცია ძალადობრივი ხასიათის ხდება ან ხელოვნურად ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების ბლოკირება ხდება, ამასთან, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ინდივიდუალური თავდასხმები მოხდეს კონკრეტულ პირებზე, „ამ დროს ერთვება პოლიცია და შესაბამის რეაგირებას იწყებს“.
„საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში კარგად ხედავს, რომ დაახლოებით 15-16 დღეა, რაც აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და მაქსიმალურად თითოეული შეკრება-მანიფესტაციის მონაწილის უფლებას იცავს, რომ მშვიდობიანად საკუთარი პროტესტი გამოხატონ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ამ პროცესში ერევა, რაც კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული, ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც აქცია ხდება ძალადობრივი ხასიათის ან ხელოვნურად ხდება ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების ბლოკირება და არსებობს მაღალი ალბათობა, შესაბამისი რისკი, რომ ინდივიდუალური თავდასხმები მოხდეს კონკრეტულ პირებზე. სწორედ, მხოლოდ ასეთ დროს ერთვება პოლიცია და შესაბამის რეაგირებას იწყებს და ამის ნათელი მაგალითია გასული დღეების შემთხვევები“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უკიდურეს შემთხვევაში ერთვება, როცა უკვე შეუძლებელია საპოლიციო ძალებით შეკრება-მანიფესტაციის მართვა. როგორც მან აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაადგენს მოხდა, თუ არა პოლიციელების მიერ გადაცდომა.
„რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ის უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც უკვე შეუძლებელია საპოლიციო ძალებით შეკრება-მანიფესტაციის მართვა, ამ შემთხვევაში ხდება მათი გამოყენება და ისინი იყენებენ იმ სპეციალურ საშუალებებს და ფორმებს, რაც კანონით არის დადგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, სადაც არსებობს კითხვები, რა თქმა უნდა, ამ კითხვებისთვის არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ასეთ შემთხვევებზე გამოძიებას იწყებს და სრულად სწავლობს თითოეულ ქმედებას. იყო აქ კანონის ფარგლებში მოქმედება, იყო პროპორციული ძალა გამოყენებული, თუ ამ შემთხვევაში გადაცდომას ადგილი ჰქონდა. მე გამიჭირდება სხვა უწყების ნაცვლად ვისაუბრო ამ საკითხზე, შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას“, – აღნიშნა დარახველიძემ.