რა არის “კამიტი” და რა ეფექტი აქვს მას საჯარო და სანდო წყაროების მიხედვით

რა არის და რა ეფექტები აქვს ნივთიერებას ზედმეტ სახელად – „კამიტი“, ისე კი ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც სხვა ალტერნატიული სახელებითაც იცნობენ ინდუსტრიაში: ბრომო(ფენილ)აცეტონიტრილი, ალფა-ბრომობენზენაცეტონიტრილი და სხვა არაერთი კოდური დასახელება.

ეს ის ქიმიური იარაღია, რომელზეც პირველ დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებიდან გავიგეთ — BBC უშვებს, რომ გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სწორედ კამიტი, პირველი მსოფლიო ომის დროიდან ცნობილი ნივთიერება შეიძლება გამოეყენებინათ.

„ქართულ ოცნებაში“ BBC-ის გამოძიებას უარყოფენ და ბრიტანულ მედიას დეზინფორმატორობასა და ცილისწამებაში სდებენ ბრალს. არადა, ქართული მედია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან 1 წელია ითხოვენ პასუხს და BBC-ს გამოძიების გამოქვეყნებამდე გაცილებით ადრე სვამდნენ კითხვას, რა ნივთიერება გამოიყენა „ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ აქციების დარბევისას.

ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებდა, რომ როცა საჭიროება დგას, შესაძლებელია წყლის ჭავლში კანონით დაშვებული „შესაბამისი ნივთიერებები“ იყოს გარეული. თუმცა რა ნივთიერებებს ურევდნენ წყლის ჭავლს, ამას არც მაშინ აკონკრეტებდნენ და დღეს იგივე დარახველიძე აკეთებს განცხადებას, რომ „გამოძიება დაადგენს“, რა ნივთიერება იყო ეს და „მოვლენებს არ დაასწრებს“.

საჯაროდ ხელმისაწვდომი სანდო და ოფიციალური წყაროების მიხედვით, ბრომობენზილ ციანიდები ომებში გამოყენებული ცრემლსადენი გაზის აგენტებია. მისი იზომერები (ანუ ერთნაირი შემადგენლობის, მოლეკულური მასის, მაგრამ სხვადასხვა აგებულებისა და თვისებების ნაერთები) წყალში არ იხსნება. იხსნება სხვა გამხსნელებში, რის შემდეგაც შეიძლება შეერიოს წყალს. როგორც ცრემლმდენი საშუალება, ორთქლის მდგომარეობაში, აღიზიანებს თვალებს, ლორწოვან გარსებს და მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, შესაძლოა ფატალურიც აღმოჩნდეს. თვალისთვის რომ უხილავი კონცენტრაციაა (მაგალითად, სულ 1 მილიგრამი 1 კუბურ მეტრ ჰაერში), იმდენად მაღალია ეს კონცენტრაცია ამ ტოქსიკური ნივთიერებისთვის, ნახევარ საათში შეუძლია ადამიანი მოკლას. წყლის ჭავლში გამოყენების შემთხვევაში მისი ეფექტი მცირდება. ღია, თავისუფალ, ქარიან სივრცეში კონცენტრაცია მეტად იშლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია და გარემოც ბინძურდება.

ორთქლისა და მტვრის სახით შესუნთქვა წვავს თვალებს და იწვევს ცრემლდენას, შეშუპებას, ხველას, ცხვირისა და ყელის გარსების გაღიზიანებას, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, თავის ტკივილი, სისუსტე. კანზე მოხვედრისას იწვევს წვას. ხანმოკლე ზემოქმედების ეფექტები სულ რამდენიმე წუთს შეიძლება გაგრძელდეს. დახურულ სივრცეში ზემოქმედება უკიდურესად სახიფათო შეიძლება იყოს. ორგანიზმში ხვდება შესუნთქვით, გადაყლაპვით, სხეულზე მოხვედრისას კანიდან შეწოვის გზით. მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ფილტვებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ფარისებრ ჯირკვალზე. მწვავე ზემოქმედებისას ადამიანი შეიძლება მივიდეს კომამდე, კრუნჩხვებამდე. შეიძლება აუჩქარდეს გული, გაუფართოვდეს გუგები, ზოგ შემთხვევაში აუვარდეს წნევა ან პირიქით.

მსგავს სიმპტომებს უამრავი დემონსტრანტი აღწერდა გასულ წელსაც და დღესაც, მას შემდეგ, რაც ბიბისის ჟურნალისტური გამოძიება გასაჯაროვდა.

საკმარისად შესწავლილი არ არის ბრომობენზილ ციანიდის ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტები, მაგალითად, მის ზემოქმედებასა და კიბოს, რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის მიმართება.

პირველადი დახმარების ზომები და რჩევები ამ ნივთიერების ზემოქმედებისას მოიცავს სუფთა ჰაერზე გაღწევას, ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდას და იზოლირებას, კანის, თვალების გამდინარე წყლით ჩამობანას სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში. თავისთავად იგულისხმება შესაბამისი სამედიცინო დახმარებისთვის პროფესიონალებისთვის მიმართვა.

ბრომობენზილ ციანიდის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის რისკის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შესაბამისი აღჭურვილობით დაიცვას კანი, თვალები, სასუნთქი გზები.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტის ჩახშობაზე მიმართული რეგულაციების ფარგლებში სამართლებრივი დევნის ქვეშ მოაქცია თავდაცვის საშუალებების ქონა საპროტესტო აქციებზე.

წყარო:

PubChem – არის ქიმიური ნივთიერებების მონაცემთა ბაზა, რომელსაც -ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) ნაწილის, ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის (NLM) ეროვნული ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ცენტრი (NCBI) უზრუნველყოფს.

ნიუ-ჯერსის ჯანდაცვის დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი ამ ქიმიური ნივთიერების შესახებ. ეს არის ერთგვარი გაიდლაინი იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაბამის ინდუსტრიაში მუშაობისას შესაძლოა შეხება მოუწიოს კამიტთან.