“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 18 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
დაკავებულებიდან 2 პირის მიმართ არსებული საქმე, რომელთა ინტერესებსაც საია წარმოადგენდა, სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო სასამართლომ შეწყვიტა. დაკავებულებს სამართალდამცავი უწყება ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გადაწყვეტილება, ამ დროისთვის, არ არის კანონიერ ძალაში შესული, რადგან იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სისხლის სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელი უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, სწორედ სამართალდამცავი ორგანოა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით, უტყუარად დაასაბუთოს პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, უტყუარ მტკიცებულებად კი ვერ ჩაითვლება მარტოოდენ სამართალდამცავთა ჩვენებები. სასამართლომ, სამართალდარღვევის საქმეების შეწყვეტის საფუძვლად პირების ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობა დაასახელა, რადგან სამართალდამცავმა უწყებამ ვერ შეძლო საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა”, – წერია განცხადებაში.