ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის განახევრება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ამის შესახებ ილონა კოკიაშვილმა “საქმის კურსს” განუცხადა.
გაერთიანების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების 90-95% რეფერენტულია.
“გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები დაკორექტირდა, იმ მედიკამენტების უმრავლესობა, რომლის ინტერესი გვაქვს, საფასო ზღვარში მოხვდა და ვეღარ შემოდის. გასულ იანვართან შედარებით, მოსალოდნელი იყო წელს კლება, იმპორტიორები ამას ელოდებოდნენ. დიდი ცვლილება გასული კვარტალიდან დაიწყო და იმპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიება დაიწყეს. ტვირთის რაოდენობა განახევრებულია”, – განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.
ამასთან, კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მედიკამენტების იმპორტი შეამცირა, თურქეთში რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა. როგორც ვიცით, მეზობელი ქვეყნიდან იაფი წამლები პარალელური იმპორტით შემოდის. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მის ბაზარზე მოხვედრილი მედიკამენტების მასობრივი ექსპორტი აიკრძალა.
“თურქეთის ბაზარი არის სუბსიდირებული. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა თავად თურქეთში იმპორტირებულ მედიკამენტებს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ მედიკამენტების ექსპორტზე გატანის ნებართვის რაოდენობა შეზღუდა. იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ჩვენ გვინდა მედიკამენტები, ჩვენ რომც მოვინდომოთ შემოტანა, ვერ შემოვიტანთ. თურქეთში იმპორტიორებმა მიმართეს ხელისუფლებას, რომ არ მომხდარიყო სპეციალურად მიწოდებული მედიკამენტების ექსპორტზე გადინება”, – განაცხადა მან.
საქსტატის მონაცემებით, იანვარში მედიკამენტების იმპორტი შემცირდა. ქვეყანამ 48 მილიონ 135 ათასი დოლარის ღირებულების 1002 ტონა მედიკამენტები შეიძინა. კლება წინა წლის იანვართან შედარებით, ღირებულებაში 20%, რაოდენობაში კი 33.6%-ია. დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის შემცირება, ძირითადად მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან – თურქეთიდან იმპორტის კლებით არის განპირობებული.
წყარო
