„რატომ შეირჩა ვაზიანი მაშინ, როდესაც შეიძლება არსებულის განვითარება, არსებობს ჩვენნაირი ქვეყანა სადაც 20 კილომეტრის რადიუსით ორი აეროპორტია?“ – ავიაციის ექსპერტი

„რატომ შეირჩა ვაზიანი მაშინ, როდესაც შეიძლება არსებულის განვითარება, არსებობს ჩვენნაირი ქვეყანა სადაც 20 კილომეტრის რადიუსით ორი აეროპორტია?“ – ავიაციის ექსპერტი
თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც $1.26 მილიარდი დაჯდება – ამის შესახებ მიმდინარე კვირაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა. რამდენად საჭიროა თბილისში ორი საერთაშორისო აეროპორტი და რამდენად ოპტიმალურად შეირჩა ახალი აეროპორტის ასაშენებლად ადგილი – თემაზე „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავიაციის ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დღეს ჰქონდეს უფრო მოდერნიზებული აეროპორტი, რადგან არსებული უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია, თუმცა ჩვენ ელემენტარულად არ გაგვაჩნია ტრანზიტული დერეფანი მგზავრებისთვის, რომ თბილისის გავლით სხვა ქვეყნებში გაფრინდნენ. ცალსახად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთავრობა როგორც იქნა დაინტერესდა, საქართველოს ჰქონდეს გაცილებით დიდი და მეტი მგზავრთნაკადის გამტარი თანამედროვე აეროპორტი, რომელიც შეძლებს ერთდროულად მიიღოს 3-4 რეისი და როგორც დაანონსებულია, მოემსახუროს 17 მილიონამდე მგზავრს,“ – აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.
ზაუტაშვილის თქმით, საინტერესოა ის ფაქტი თუ რა მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებით, რომელსაც 2027 წელს Tav Urban-თან გასდის ხელშეკრულების ვადა.
„Tav-ს აქვს სურვილი, რომ ხელშეკრულება კვლავ გაუხანგრძლივდეს, როგორც ეს 2014 მოხდა და კვლავ დარჩნენ ამ ქვეყანაში, მიიღოს ასობით მილიონი შემოსავალი, როგორც აქამდე იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი სერვისები და სტანდარტი არის ძალიან დაბალი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმ შემთხვევაში, როცა პარალელურად არის დაანონსებული 2028 წელს ახალი აეროპორტის გახსნა, ვფიქრობ, რომ ხელშეკრულებას კვლავ გაუგრძელებენ და მისცემენ მას ოპერირების საშუალებას, სანამ ეს ახალი აეროპორტი არ აშენდება. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან ასე დაანონსებული დიდი პროექტების გახსნის ვადა ყოველთვის იწევს და შესაძლოა 2028 წელსაც ვერ მოხდეს მისი გახსნა და გადაიდოს. შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ტავ ურბანის ქვეშ ფუნქციონირებას გააგრძელებს და მისთვის არაფერი არ შეიცვლება,ხოლო ჩვენ ვიქნებით ახალი აეროპორტის მომლოდინე.
რატომ არ მოხდა იმის შესწავლა თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არსებული აეროპორტის ფარგლებში მოხდებოდა მოდერნიზება და გაფართოება, მოეწყობოდა დამატებით ასაფრენი ბილიკი. თბილისის აეროპორტი იძლევა ამის საშუალებას“ – აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.
ზაუტაშვილის თქმით, ის პროგნოზი, რომ საქართველოს შეეძლება 19-20 მილიონი ტურისტი მიიღოს, გადაჭარბებულია, რადგან ეს ძალიან ბევრია საქართველოსთვის. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას ამ რაოდენობის ტურისტის მომსახურების არც რესურსი აქვს და არც ინფრასტრუქტურა.
„მე ნამდვილად ეჭვი მეპარება, რომ 19-20 მილიონი ტურისტი მივიღოთ და მოვემსახუროთ, ნორმალური იქნებოდა რომ 17 მილიონი მგზავრის ფარგლებში მომხდარიყო არსებული აეროპორტის მოდერნიზება და ახალი ბილიკის დამატება. ხელშეკრულებაში, რომელიც დევს Tav-თან წერია, რომ მათ თავისი სერვისები უნდა გაეზარდათ და მხოლოდ მოსაკრებელი არ უნდა მოემატებინათ. ყოველი მგზავრობიდან 24 დოლარი მიდის და აეროპორტში ყველა კუთხე-კუნჭული მოუვლელია. თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია მოვლის ვალდებულებაც.
რისთვის ჩაიდო ის კაბალური პუნქტი, რომ 150 კმ-ის რადიუსით არავის არ ჰქონდა ქვეყანაში ახალი აეროპორტის აშენების უფლება, რა ვაჭრობა მიდის ახლა Tav-თან, რომ რთავენ ვაზიანში 15 კილომეტრის მოშორებით აეროპორტის აშენების უფლებას?
ისეთი დაბალ ბიუჯეტიანი კომპანიები, როგორიც არის Anadolu, Su express, და სხვები დაჯდებიან თბილისის აეროპორტში, შესაძლოა Turkish airlines-იც დაჯდეს და ვაზიანი მოემსახურება საერთაშორისო ფრენებს? არსებობს ჩვენი ზომის ან ცოტა უფრო დიდი ქვეყანა სადაც 15-20 კილომეტრის რადიუსით ორი აეროპორტია? ეს არც დაბალ კონცეფციან აეროპორტსაც არ მიესადაგება. “- აღნიშნა იასე ზაუტაშილმა.
ზაუტაშვილი ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა ამ კაბალური პირობის ამოღებაზე Tav-მაც არ მოუწეროს ხელი, რადგან საქართველოში მისი ოპერირება მომგებიანია.
„თემა და გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ მიუღებელია, რატომ შეირჩა ვაზიანი მაშინ, როდესაც შეიძლება არსებულის განვითარება, რატომ ვუწყობთ ხელს და ვეფერებით tav urban-ს რომ საქართველოში დარჩეს, როდესაც შეგვიძლია, რომ 2027 წელს დავემშვიდობოთ და უფრო დახვეწილი აეროპორტი გავაკეთოთ.
მათთვის აქ ყოფნა მომგებიანია, ჩვენ ვეძებთ ახალ ბაზებს, ვაზიანის აეროპორტს თავისი დანიშნულება აქვს, ეს იყო წვრთნებისთვის განსაზღვრული. ვაზიანზე ბევრი წვრთნა შეიძლება ჩატარდეს. რატომ უნდა დაუგრძელო მგზავრს დედაქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე მანძილი 15 კილომეტრით“ – აღნიშნა იასე ზაუტაშილმა.