რამდენიმე ათასი პაციენტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კორუფციული გზით “ვიანის” კლინიკაში გადაამისამართა – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გამოვლენილ კორუფციულ სქემაზე აქვეყნებს განცხადებას. უწყების ინფორმაციით, მათ გამოავლინეს კორუფციული სქემა რეანიმობილების მართვის ცენტრში, რომლის შედეგადაც პაციენტების გადამისამართება ხელოვნურად არა ყველაზე ახლო კლინიკაში, არამედ ჰოსპიტლების ქსელ “ვიანში” ხდებოდა, რისთვისაც ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დიდი მოცულობის ქრთამებს იღებდნენ. სუს-ის განცხადების თანახმად აღნიშნული პირები დაკავებული არიან.
ამასთანავე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.
სუს-ის თანახმად, დანაშაულებრივი სქემა 2020 წლიდან 2023 წლებში ფუნქციონირებდა და მის ფარგლებში მოსყიდული საჯარო მოხელეები რეანომობილებს ამისამართებდნენ კლინიკების ქსელ “ვიანის” ჰოსპიტლებში, რის სანაცვლოდაც მათ ჯამში 532,126 ლარის ქრთამი აიღეს. სუს-ის განცხადებაში არაა აღნიშნული თუ რა შემოსავალი მიიღო თავად კლინიკების ქსელმა ამ პაციენტებისთვის მომსახურების გაწევიდან.
სუს-ის განცხადება გამოვლენილ კორუფციულ სქემაზე:
“ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე – თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები – ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება „ვიანის” წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532,126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149,010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76,771 ლარის შემოსავალი.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? შეურაცხმყოფელია ეს რეზოლუცია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, ეს კითხვები უნდა იქნეს განხილული დახურულ კარს მიღმა“ – ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილზე