პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია – აგრარული სკოლა

ამჟამად ჩვენთან 7 სტუდენტი სწავლობს… თუმცა მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზე ნამდვილად ძალიან დაბალია, – ამის შესახებ შვეიცარიული აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორმა, თინა მახარაძემ BMGTV-ის ეთერში გადაცემა “რედაქტ2”-ში სტუმრობისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ „კავკასია“ 2021 წელს დაარსდა და სტუდენტების პირველი ნაკადი 2021 წლის სექტემბერში გამოუშვა.
„დავიწყეთ 10 სტუდენტით, მათგან 7-მა დაამთავრა სწავლა, 5-მა ფერმერული მიმართულებით, 2-მა – რძის წარმოების. აქვე უნდა ვთქვა, რომ გასულ წელს მხოლოდ ეს ორი სტუდენტი იყო საქართველოში, ვინც რძის პროდუქტების წარმოების მიმართულებით დაამთავრა სწავლა. ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, როგორი ცოტაა ეს 7 ადამიანი წლიურად, თუმცა ამას შემდეგი 7 დაემატება და მივალთ მაჩვენებლამდე, რასაც გავლენა ექნება სოფლის მეურნეობის სექტორზე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ შვიდივესთან გვაქვს კონტაქტი და ვიცით რას აკეთებენ.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კურსდამთავრებულებს თავიანთი წარმოებების შექმნაში და ძირითადად ამ მიმართულებით უფრო ვმუშაობთ ვიდრე იმ მიმართულებით, რომ დასაქმდნენ კონკრეტულ ფერმებში. თუმცა მათგან ერთ კურსდამთავრებულს ჰქონდა სურვილი და მუშაობს უდაბნოს ფერმაში, ერთი იწყებს კოსმეტიკის წარმოებას შრატის[ყველის ამოყვანის შემდეგ მიღებული მასა] ბაზაზე, ერთი აკეთებს გომბორში ყველის საწარმოს, ერთი ხევსურეთში დაბრუნდა და თავის სოფელში მეცხოველეობას მისდევს, ერთს აქვს გომარეთში ფერმა, სადაც ყველს აწარმოებენ, გვყავს სტუდენტი, რომელიც მეღორეობის განვითარებას გეგმავს და ჟურნალისტი, რომელიც ჩვენი კურსის გავლის შემდეგ ჟურნალისტობას და ფერმერობას ერთმანეთს უთავსებს“, – განაცხადა მახარაძემ.
კითხვაზე, სტუდენტების რაოდენობა მცირე რატომ იყო, მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ თავად სასწავლებელს აქვს შეზღუდვა, სკოლის დირექტორი პასუხობს, რომ პრობლემა არის მოთხოვნაც.
„სტუდენტების რაოდენობა ჩვენი მხრიდანაც შეზღუდულია, თუმცა მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზე ნამდვილად ძალიან დაბალია. ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენც. დავიწყებთ სკოლის მოსწავლეებთან მუშაობას, გავაცნობთ ფერმერობის სპეციფიკას. -ის საელჩოს მხარდაჭერით ვგეგმავთ აგრობანაკის მოწყობას, რომ ინტერესი გავზარდოთ. ინტერესი მაღალია მოკლევადიან პროგრამებზე. როგორც წესი, ჩვენთან პირიქით ხდება, ჯერ ფერმერობას იწყებენ და მერე ფიქრობენ, რომ განათლება აკლიათ, ახალგაზრდებში ეს ნაკლებად არის“, – თქვა მან.
თინა მახარაძის თქმით, სასწავლებელს წელსაც 7 კურსდამთავრებული ეყოლება, ხოლო შემოდგომაზე მოთხოვნის შემთხვევაში 16 სტუდენტის მიღებას გეგმავს.
„ჩვენ შეგვიძლია 32 სტუდენტის მიღება ერთდროულად. ვგეგმავთ, რომ შემოდგომაზე 16 სტუდენტი მივიღოთ. მსურველები ჩვენთან ისწავლიან ფერმერობას, რძის პროდუქტების წარმოებას, ისწავლიან რეალურ გარემოში, რეალურ ქარხანაში, სადაც შეუძლიათ ნახონ სრული პროცესი, ყოველ 2-3 თვეში ერთხელ ჩვენთან ჩამოდიან შვეიცარიელი ექსპერტები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მათთან გაიარონ მასტერკლასები. ვუშვებთ სტუდენტებს შვეიცარიაში და ა.შ. გარდა ამისა, ვეხმარებით კურსდამთავრებულებს იმისათვის, რომ განვითარდნენ სწავლის დასრულების შემდეგ“, – თქვა მან.