პროკურორის განცხადებით, თეიმურაზ ჯანაშიას ქმედების გაფლანგვის ნაცვლად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაკვალიფიცირებას მესამე ინსტანციაშიც გაასაჩივრებენ

პროკურორის, გიორგი მუჯირის განცხადებით, ბრალდების მხარე სასამართლოს იმ გადაწყვეტილების მესამე ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება გაფლანგვის ნაცვლად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაკვალიფიცირდა.
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოზე ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო ისიც, რომ ჯანაშიას „მაღალი თანამდებობისა და მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უფრო მკაცრი სასჯელი დაჰკისრებოდა“.
„ბრალდების მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს. ეს იყო კვალიფიკაციის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება სასამართლოს მიერ გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, ნაცვლად გაფლანგვისა. მიგვაჩნია, რომ მისი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება გაფლანგვა იქნებოდა. მოლოდინი გვქონდა, რომ სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენი ამ ფორმით შეიცვლებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ამ კუთხით გადაწყვეტილებას უკვე მესამე ინსტანციის სასამართლოში გავასაჩივრებთ.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის და გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მიხეილ სააკაშვილმა და თეიმურაზ ჯანაშიამ კორუფციული დანაშაული ჩაიდინეს. ამასთან ის, რომ მათ მიერ სახელმწიფო სახსრები გამოყენებული იყო ფუფუნების საგნად. ამ სახსრებმა 9 მილიონი ლარი შეადგინა.
საქმეში ეს 9 მილიონი 49 ბაინდერისგან შედგება. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი დოკუმენტი არ მოიპოვება საქმეში. არც ერთი დოკუმენტი არ შედგენილა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს თანხა რაიმე ფორმით სახელმწიფო მნიშვნელობის ან რაიმე კანონიერ ინტერესს მოხმარდა.
ჩვენ ვითხოვდით, რომ ის მუხლი, რა მუხლითაც იქნა გადაკვალიფიცირებული თეიმურაზ ჯანაშიას დანაშაულებრივი ქმედება, გადაკვალიფიცირებულიყო გაფლანგვაზე სწორად და კანონიერად. ამასთან, დანიშვნოდა მკაცრი სასჯელი. მიმაჩნია, რომ ქმედებას სასამართლოს მიერ, არასწორი კვალიფიკაცია მიეცა. გაფლანგვა არის ბევრად უფრო მკაცრი დანაშაული, ვიდრე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, სანქციაც უფრო მკაცრი აქვს გაფლანგვას. ასევე, მოთხოვნა იყო, რომ მას მაღალი თანამდებობისა და მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დაჰკისრებოდა უფრო მკაცრი სასჯელი“,- განაცხადა გიორგი მუჯირმა.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულების, სა და სდსს-ის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
კერძოდ კი, მოსამართლეთა პალატის მიერ, უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9-წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა.