საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი – პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.
პროკურატურის თანახმად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლა შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღინიშნება, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
“საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.




