პრემიერის ვიზიტმა ბრიუსელში ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია გაანადგურა – თამარ ჩიბურდანიძე
„დასავლეთმა ვერ უგულებელყო საქართველოს გონიერი ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და დღეს ამის აღიარებებს ვისმენთ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აფასებს.
როგორც ის აცხადებს, კობახიძის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში ოპოზიციისთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ევროპის დედაქალაქიდან ქვეყნის ხელისუფლების მისამართით პოზიტიური განცხადებები გაკეთდა.
„პრემიერ ირაკლი კობახიძის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში მოულოდნელი არ იყო ჩვენთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპელი ლიდერების ასეთი პოზიტიური განცხადებები.
ძნელი მოსასმენი იქნებოდა მათთვის ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის გზავნილები, რომელიც ხელისუფლების ძლიერ ევროპულ პოლიტიკაზე მიუთითებს. ბუნებრივია, პრემიერის წარმატებული ვიზიტის შემდეგ, ძნელია მათთვის წინასაარჩევნო კამპანიის აგება ხელისუფლების ვითომდა ანტიევროპულ პოლიტიკაზე. ირაკლი კობახიძის ვიზიტმა ბრიუსელში ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია გაანადგურა.
სათქმელი რომ აღარ აქვს ოპოზიციას, ახლა ვადებზე ალაპარაკდნენ, თურმე 2030 წელი შორს ყოფილა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ კიდევ ერთ დეზინფორმაციულ განცხადებას კვლავ ევროპელი ლიდერები უპასუხებენ, როგორც უკვე თქვეს ერთხელ, რომ სტატუსიდან გაწევრიანებამდე 6 წელი ძალიან მცირე დროა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ეს შეუძლია და შეძლებს კიდეც. არ ვიცი, ვის და რის იმედზეა დარჩენილი ქართული ოპოზიცია საარჩევნოდ? მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის და მათი უცხოელი ლობისტების, რომლებიც იმ ევროპაშიც უმცირესობაში არიან? ფაქტია, ყოველი დღე, შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში, მათთვის გამანადგურებელია. დასავლეთმა ვერ უგულებელყო საქართველოს გონიერი ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და დღეს ამის აღიარებებს ვისმენთ,” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.