პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა, საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს, 21 მარტს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას პირადად გადასცა:
“მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა გადმომეცა ეს ჯილდო, რომელიც სამაგალითოა ბევრ ასპექტში ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება, მიაღწიო. ეს იქნება საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მნიშვნელობა არ აქვს. სპორტი არის საერთაშორისო დარგი, საიდანაც არ უნდა იწყებდე, მთავარია, ახვიდე ყველაზე მაღალ ადგილზე…
არანაკლებ მნიშვნელივანი ასპექტია, რომ თქვენ მოისურვეთ, დროულად შენარჩუნებულიყო საქართველოს მოქალაქეობა. ესეც არის დღევანდელ დღეს ძალიან სერიოზული გზავნილი მათთის, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, მოღვაწეობს. ეს სურვილი ნიშნავს, რომ ინარჩუნებთ კავშირს ქვეყანასთან. ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა წარმატებული იყოთ, მაინც გინდათ ატარო საქართველოს დროშა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ილია თოფურიამ და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია პრეზიდენტისგან ღირსების ორდენის მიღება.
“წავედი საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს აქ რომ ვბრუნდები და ასეთ ტიტულს ვიღებ, სიამაყით ვივსები”, – თქვა თოფურიამ.
მანამდე, 19 მარტს UFC-ის ჩემპიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, ილია თოფურიას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. პრემიერმა იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართა, ყველაფერი გაკეთებულიყო ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.
UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. მას გულშემატკივრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ