პროფესორი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:
„ოთარ იოსელიანი იყო ყველაზე დიდი ქართველი კინორეჟისორი, ვინც მე ვიცი. ახალი ქართული საავტორო კინო მთლიანად მის მხრებზე დგას. პირველ რიგში, ვგულისხმობ მის სამ ქართულ ფილმს, „გიორგობისთვეს“, „იყო შაშვი მგალობელს“ და „პასტორალს“. მისი ფრანგული ფილმებიც მომწონდა, მაგრამ ჩემთვის ამ სამთან შედარებით მაინც ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. რაც მოგვიანებით გადაიღო ქართულ თემატიკაზე, გაცილებით სუსტია.
იოსელიანმა სრულიად ახლებურად განსაზღვრა, რას ნიშნავს ქართული კინო. აქ არ იგულისხმება მხოლოდ სოციალური კრიტიკა: მაგალითად, იმ ფაქტის მხილება, რომ, კომუნისტების დროს, სახელმწიფოს მიერ ღვინის ფალსიფიკაცია იყო მიღებული ნორმა. ამის თქმასაც გაბედვა უნდოდა, მაგრამ მისი ნოვატორობის ამაზე დაყვანა მისი ბანალიზაცია იქნებოდა. მაშინ ისედაც ყველამ ვიცოდით, რომ ღვინის ფალსიფიკაცია ჩვეუოლებრივი ამბავი იყო (სხვათა შორის, არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან) მთლიანად ცხოვრება იყო ფალსიფიცირებული, ღვინო მეტაფორაა.
დიდი ხელოვანის სათქმელის დისკურსულ ენაზე თარგმნა ყოველთვის შეიცავს ბანალიზაციის საფრთხეს, ამიტომ მიჭირს იმის ზუსტად ფორმულირება, სახელდობრ რა მიზიდავდა იოსელიანის ფილმებში. ჩემი აზრით, იოსელიანის გამჭოლი თემა იყო ნამდვილის, ავთენტურის ძიება სოციალურ გარემოში, რომელიც ფეიკია (ეს ქართულ პერიოდსაც ეხება და ფრანგულსაც). თავისთავად ეს ძალიან სახიფათო თემაა, იმიტომ რომ ავთენტურობა ძალიან პრობლემური ცნებაა. იმის თქმაც, რომ სოციალური ურთიერთობები ადამიანს ნამდვილობას ართმევს, ხოლო გვიანკომუნისტურ ხანას „ფეიკურობა“ განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით ახასიათებდა, უკვე ბანალური მსჯელობაა. მთავარია, იოსელიანმა შექმნა ადექვატური კინოენა იმის საჩვენებლად, როგორ ეძებს ინდივიდი ნამდვილობის კუნძულებს ისე, რომ ამ სამყაროს ფუნდამენტურ სიყალბეს ვერაფერს შველის (და არც ცდილობს).
„ლაითი“ პროტესტის და შეგუების ერთიანობა შეიძლება ყოფილიყო მთავარი ნიშანი, რაც მაშინ „წესიერ კაცს“ ახასიათებდა. იოსელიანმა შექმნა პერსონაჟი, რომელიც, სხვადასხვა ვარიაციით, ქართული საავტორო კინოს მთავარ მოქმედ (უფრო სწორად, არმოქმედ) პირად იქცა.
ბევრმა აღნიშნა ამ დღეებში მთავრობისგან მისი გარდაცვალების აღუნიშნაობა. ამით, ცხადია, ოთარს არაფერი დააკლდება: პირიქით, პომპეზური (ან თუნდაც მეტად ხალხმრავალი) გასვენება მისი ფილმების ესთეტიკასთან აშკარა დისონასს შექმნიდა. იოსელიანი არც მთავრობის მოსაწონი და არც სახალხო რეჟისორი არასოდეს ყოფილა, ასე რომ ყველაფერი სწორია. სხვა ამბავია, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ბანძობა და ქაჯობა. აქ მოულოდნელი არაფერია.“