პოლიციამ ახალგაზრდებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი, გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა

აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვა შეეწყვიტათ” და პარლამენტთან, ტროტუარზე გადაენაცვლათ.
სამართალდამცავების განცხადებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებისთვის ჯარიმა 5000 ლარია.
ასევე, მათი თქმით, იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ეცდებიან და მათთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
“მოგიწოდებთ გადაბრძანდეთ გზის სავალი ნაწილიდან, რადგან მისი გადაკეტვის საჭიროება, ამ შემთხვევაში, არ არის. ეს ყველაფერი, თქვენი რაოდენობიდან გამომდინარეა“, – მიმართა სამართალდამცავმა აქტივისტებს, რასაც აქციის მონაწილე ახალგაზრდების მხრიდან პასუხი მოჰყვა:
“რამდენი უნდა ვიყოთ, რომ გზა, თქვენი ინტერპრეტაციის მიხედვით, ხელოვნურად არა და ბუნებრივად გადავკეტოთ?”, – უპასუხა სამართალდამცავს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
“ვერ უნდა ეტეოდეთ პარლამენტის წინ მდებარე ტროტუარზე. ახლა რასაც თქვენ აკეთებთ, ეს დარღვევაა. თუ ორგანიზატორი ხართ, ამ ხალხს მოუწოდეთ, რომ გზის სავალი ნაწილი დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ეს ორგანიზატორებისთვის 5 000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს. მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირებისა, ვინც გზას ხელოვნურად კეტავს და შესაბამისად, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს”, – განაცხადეს სამართალდამცავებმა.
საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მონაკვეთი გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ