პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე გავა.
პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
ამავე ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადები მჭიდროვდება. პროექტის თანახმად, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.
