წუხელ, 4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის აქციაში მონაწილეობისათვის დაკავებულ პოეტს, პაატა შამუგიას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება მოსამარლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
შამუგია გუშინ, 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სხვა დემონსტრანტებთან ერთად გადავიდა. მასთან პოლიცია მაშინ მივიდა, როცა ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიდიოდა.
„ვადასტურებ, რომ მე ვიყავი, ვმონაწილეობდი და გამოვხატავდი ჩემს წმინდათაწმინდა უფლებას, დავიცვა საკუთარი თავი, საკუთარი თანამოქალაქეები და ჩემი ქვეყანა იმ განსაცდელისგან, რომელშიც თავი ამოგვაყოფინა ოლიგარქიამ“, – მიმართა შამუგიამ სასამართლოს.
„ბოლო ნაწილი რომ არ იყოს, მოვაწერდი მეთქი ხელს [სამართალდარღვევის ოქმს]. იქ წერია, რომ ვიყავი და ვკეტავდი გზას, თუმცა შემდეგ გრძელდება: „პროტესტის გამოხატვა შესაძლებელი იყო საფეხმავლო ბილიკზეო“…
მე ვფიქრობ, რომ პროტესტის გამოხატვა საფეხმავლო გზაზე კი არა, საერთოდ აღარ არის შესაძლებელი ამ ქვეყანაში“, – თქვა შამუგიამ.
„დიახ, მე ვაპროტესტებდი და კი, მე გამოვხატავდი ჩემს წმინდათაწმინდა უფლებას“, – თქვა მან.
მისი ადვოკატი, ვიქტორ კვიტატიანი ამბობდა: „ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისინი დაუბრუნდნენ ტროტუარს, რამოდენიმე წუთით შეფერხდა მოძრაობა, რამოდენიმე წუთის შემდეგ აღდგა მოძრაობა, რამოდენიმეწუთიანი გზის გადაკეტვაა უფრო დაცული სიკეთე, თუ პროტესტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება? რომელი არის ღირებული დასაცავი სიკეთე, ეს არის მთავარი შეკითხვა და თუ ამ მთავარ შეკითხვას გაეცემა სწორად პასუხი, აღარ გვექნება სამართალდარღვევის ფაქტი“.
ადვოკატი ასევე მოუწოდებდა მოსამართლეს, გაეთვალისწინებინა პაატა შამუგიას ოჯახური მდგომარეობა – შვილები, რომლებიც პატარები არიან. „მისი გაზრახვა სამართალდარღვევა კი არა, პროტესტის გამოხატვა იყო“, – თქვა ადვოკატმა.
„საავტომობილო გზაზე დგომა ნიშნავდა საავტომობილო გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებას“, – თქვა შსს-ის იურისტმა სალომე ქირიამ.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პაატა შამუგია X-დღიან პატიმრობაში გაუშვა.
· პაატა შამუგია თანამედროვე ქართველი პოეტი და ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატია.
· 2015 წელს ის გახდა პირველი პოეტი, რომელმაც ორჯერ მიიღო პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, სპარსულ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და გერმანულ ენებზე.
„ქართული ოცნების“ მიერ გამოხათვის თავისუფლების მორიგ ჯერზე შეზღუდვის შედეგად, პირდაპირ პატიმრობით ისჯება გზის გადაკეტვა, თუკი შსს თვლის, რომ აქციაზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იმყოფებოდა.
ამ საფუძვლით ათობით ადამიანი დააკავეს.
ახალი კანონით გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი




