“პისტორიუსის პასუხი ვენსს…”

დამოუკიდებელი მკვლევარი, დავით გოჩავა სოციალურ ქსელში წერს:

პისტორიუსის პასუხი ვენსს… ძალიან მაგარია:
სიტყვა მოვამზადე დღეისთვის. ის ეძღვნებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ევროპაში. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ვერ დავიწყებ სიტყვას ისე, როგორც იმთავითვე დავგეგმე. მტკიცედ მჯერა ტრანსატლანტიკური ალიანსის. ვარ ამერიკის მტკიცე მოკავშირე და მეგობარი. ამერიკული ოცნება – ეს ისეთი რამ არის, რაც ყოველთვის აღმაფრთოვანებდა და გავლენას ახდენდა ჩემზე. ამიტომ არ შემიძლია უბრალოდ უგულვებელვყო ის, რაც მოვისმინეთ ახლახან. არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინეთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისგან.
“ჩვენ ვიბრძვით თქვენი უფლებისთვის იყოთ ჩვენს წინააღმდეგ” – ეს არის ბუნდესვერის ერთ-ერთი დევიზი, და ის მხარს უჭერს ჩვენს დემოკრატიას. და ეს დემოკრატია ახლახან კითხვის ქვეშ დააყენა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, – და არა მხოლოდ გერმანული დემოკრატია, არამედ მთელი ევროპული. ის საუბრობდა დემოკრატიის გაუქმებაზე. და მე თუ სწორად გავიგე, მან ევროპის მდგომარეობა შეადარა მდგომარეობას, რომელიც არსებობს ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმებში. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მიუღებელია. (მქუხარე, ხანგრძლივი ტაში დარბაზში).
ჩვენს დემოკრატიაში ყოველი მოსაზრების უკან ხმა დგას. და ეს შესაძლებელია თვით ნახევრად ექსტრემისტული პარტიისთვისაც კი, როგორიცაა “ალტერნატივა გერმანიისთვის”, და მათ შეუძლიათ კენჭი იყარონ ისე, როგორც დანარჩენ პარტიებს, – ეს არის დემოკრატია (ტაში).
და თუ ვიცე-პრეზიდენტს ჰქონდა ტელევიზორის ჩართვის შესაძლებლობა, როცა იგი ჩამოვიდა გუშინ, ის ერთ-ერთ კანდიდატს ნახავდა “პრაიმ-ტაიმში”. ჩვენ, სხვათა შორის, ვუშვებთ, რომ მედია, რომელიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებს, კითხვებს უსვამს ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს და ისინი პასუხობენ მათზე (ტაში).
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობა ავტომატურად მართალია, და მათ არ შეუძლიათ იმის გარკვევა, თუ სად არის სიმართლე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულს შეუძლია ის თქვას, რაც მოეპრიანება, – დემოკრატიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავი დაიცვას ექსტრემისტებისგან, რომლებსაც სურთ მისი განადგურება. ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ევროპაში, სადაც ამ დემოკრატიას ყოველ დღე იცავენ შიდა თუ გარე მტრებისგენ (ტაში).
ამიტომ, მინდა ღიად ვუარყო და უკუვაგდო ის მოსაზრება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა შემოგთავაზათ, თითქოს ჩვენი დემოკრატია ჩაგრავს და ახშობს უმცირესობას. ჩვენ არა მხოლოდ ვიცით, ვისგან ვიცავთ ჩვენს ქვეყნებს, არამედ ისიც ვიცით, თუ რისთვის ვიცავთ მათ – დემოკრატიისთვის, აზრის თავისუფლებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, თითოეული ჩვენგანის ღირსებისთვის, ქალბატონებო და ბატონებო (ტაში).
ქალბატონებო და ბატონებო!
ვიცე-პრეზიდენტისგან განსხვავებით, მე ჩემს სიტყვაში ყურადღება მინდა გავამახვილო აგრეთვე ევროპის და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ყველაზე მწვავე საკითხებზე. ბოლო დღეებში დადასტურდა ის, რასაც ბევრი განიხილავდა ბოლო თვეების განმავლობაში. შეერთებული შტატები გვიბიძგებენ სწრაფი სამშვიდობო შეთანხმებისკენ რუსეთსა და უკრაინას შორის, და ისინი მოელიან, რომ ევროპა ლიდერობას იკისრებს და უზრუნველყოფს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც ადგილი ექნება.
აღნიშნული მოლაპარაკებები შეიძლება შემობრუნების წერტილი გახდეს ჩვენი კონტინენტისთვის და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის – ისტორიული შემობრუნების წერტილი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან განსხვავებული მიმართულებებით. არჩევანი, რომელსაც ახლა ვაკეთებთ, განსაზღვრავს, სად ვიცხოვრებთ ჩვენ – მშვიდობაში თუ კრიზისში. ის განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, და შემდეგი თაობის მომავალს ევროპაში და მის ფარგლებს მიღმა.
ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ უკრაინა არ უნდა დარჩეს მარტო, ქალბატონებო და ბატონებო!
რადგან ერთი დარჩება უცვლელი: არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა ევროპაში თავისუფალი და ძლიერი უკრაინის გარეშე!
არ იქნება მდგრადი, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, თუ აგრესია გაიმარჯვებს!
https://x.com/fakeofforg/status/1890656245691957658

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა და უკვე შეგვიძლია იმის დანახვა, რომ წარმატება მიღწევადია – დავინახავთ პუტინის მეტ მცდელობას მოატყუოს მსოფლიო და ომი გაახანგრძლივოს