“პირვანდელი სახე, უსაფრთხოების დაცვით” – ვაკის პარკის ხელმეორედ რეაბილიტაციისთვის 47 მილიონი ლარი გამოიყოფა

ტვ პირველის ცნობით, თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი მოიცავს პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.
წინადადებების მიღება 23 მარტიდან დაიწყება და 28 მარტამდე გაგრძელდება.
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად:
არსებული კასკადი და შადრევნები უნდა აღდგეს პირვანდელი ვიზუალით.
უნდა შეიქმნას დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით.
პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ობიექტის ექსპლუატაციისთვის.
პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიის რელიეფის თავისებურებები, ტერიტორია დაპროექტებული უნდა იყოს საქართველოში არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენება.
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს როგორც გარე, ასევე შიდა საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის პროექტებს: წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.
პროექტს უნდა ახლდეს ტექნოლოგიური ნაწილი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა იქნას წარმოდგენილი როგორც ლოკალურ-რესურსული, ასევე გამარტივებული სახით.
საჭიროა ეფექტურად განხორციელდეს შადრევნების კასკადისა და აუზების ჰიდროიზოლაცია. დამონტაჟდეს ელექტრო დამზოგველი განათების სისტემა და შესაბამისი სპეციფიკაციების მქონე ტუმბოები.
ცნობისთვის, არც წინა ტენდერი იყო გამოცხადებული უსაფრთხოების დარღვევით, თუმცა, რა შედეგი დადგა, ყველას გვახსოვს. როგორი იქნება ამჯერად კონტროლის მექანიზმი და იქნება, თუ არა საერთოდ – ამ ეტაპზე უცნობია.