პესკოვი ე.წ. აგენტების კანონზე: აბსურდულია მისი „რუსულ პროექტად“ მიჩნევა

ს პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს.
პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესში შედის საქართველოში სტაბილური ვითარება.
„საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება“, – თქვა პესკოვმა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ილაპარაკა კანონპროექტის ინიციირების გამო საქართველოში ოპოზიციის მიერ გამოხატულ რეაქციაზე.
„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ასეთი გეგმების მიმართ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას, მაგრამ აქ საჭიროა უბრალოდ მათთვის უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, ახლა ყველა ქვეყანა პრაქტიკულად ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. „ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეკითხვაზე, თვალს ადევნებს თუ არა კრემლი საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო შექმნილ ვითარებას, პესკოვმა უპასუხა: „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა თავის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა”.
საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, ასევე – ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე “ქართულმა ოცნებამ” იმთავითვე განმარტა, რომ მასში ზუსტად იგივე ტექსტია, როგორც შარშან ინიციირებულ კანონპროექტში, მხოლოდ ერთი განსხვავებით – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომელთა უმეტესობის დეკლარირებული მიზანი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების ხელშეწყობაა, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო მოსთხოვს, თავად თქვან, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები“ არიან, – და ამ სახელდებით დარეგისტრირებას აიძულებს საჯარო რეესტრში.
ამის შემდეგ ორგანიზაცია ვალდებულია, წარადგინოს საფინანსო დეკლარაცია/განაცხადი.
რუსეთის ფედერაციაში ასეთივე კანონმა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო გამკაცრდა, გამოიწვია ავტორიტარიზმის გამყარება, დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟი და ალტერნატიული ხმების ჩახშობა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მე ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები – ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ