იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური, რომელიც ქვეყანაში არსებულ ციხეებს მართავს, „რეალობასთან შეუსაბამოს“ უწოდებს პატიმრობაში მყოფი რუსეთის მოქალაქის ანასტასია ზინოვკინას მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.
„მისი საცხოვრებელი პირობები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და იგი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით… დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს“, – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
მასში ასევე ჩამოთვლილია ის სამედიცინო პროცედურები, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა პატიმარმა ქართულ ციხეში მიიღო:
· „სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია“;
· „რეკომენდებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური, კვლევები როგორც დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში“;
· „ჩატარებული აქვს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ვარჯიშები“.
რუსეთის ორი მოქალაქე ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასული წლის დეკემბერში, დედაქალაქში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დააკავეს. მათ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
რამდენიმე დღის წინ, 30 ოქტომბერს ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გავრცელდა, მასში საუბარი იყო, რომ პატიმარს „ზურგი ისე ასტკივდა, რომ ადგომა ვეღარ შეძლო. ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა რვა საათის განმავლობაში“.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მაღალკვალიფიციური ექიმების საშუალებით აკვირდებიან ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდადებული რუსეთის მოქალაქის, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობას. დაკავების შემდეგ, შარშან დეკემბრიდან დღემდე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმარი 6-ჯერ მოინახულეს.
ფორუმი

				
								
								

