სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით.
ამასთან, პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს.
რაც შეეხება მის მეუღლეს, განცხადების თანახმად, ინფორმაცია მსჯავრდებულ არტემ გრიბულის შიმშილობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური საზოგადოების ინფორმირების მიზნით ეხმიანება რუსეთის მოქალაქე მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას.
მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა განთავსებულია №5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი საცხოვრებელი პირობები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და იგი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. სასჯელის მოხდის პერიოდში მას ჩაუტარდა სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და რეკომენდებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური, კვლევები როგორც დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
ამასთან, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა კონსულტირებულია რეაბილიტოლოგის მიერ და ჩატარებული აქვს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ვარჯიშები.
დამატებით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებული ნევროლოგის კონსულტაციის შედეგად მწვავე ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს.
აქვე გვსურს, გამოვეხმაუროთ ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანასტასია ზინოვკინას მეუღლის შიმშილობის შესახებ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულმა რუსეთის მოქალაქე მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა გამოაცხადა 2025 წლის 31 ოქტომბერს, 12:30 საათზე, და შეწყვიტა 2025 წლის 2 ნოემბერს, 12:20 საათზე. საერთო ჯამში, მსჯავრდებულს საკვები არ მიუღია 47 საათისა და 50 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა განაახლა საკვების სრულყოფილად მიღება. შესაბამისად, 3 ნოემბერს ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულ არტემ გრიბულის შიმშილობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება საზოგადოება სიცრუეში შეიყვანოს”, – წერია განცხადებაში.




