,, პედაგოგი შემთხვევით გავხდი…” – რას წერს გია მურღულია

ფილოლოგი გია მურღულია სოცილურ ქსელში წერს:
,,41 წელია, სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ასევე, ბავშვებსა და საზოგადოებას ვთავაზობ საგანმანათლებლო პროგრამებს: “მცირე პროზა”, “ფილმმი”, “ფიქრი ფიქრზე”, “ფილოსოფია უფროსკლასელთათვის”, “რუსთველის სამყარო”, “გურამიშვილის სამყარო”, “ილიას სამყარო”, “მსოფლიო პოეზია”, “იგავების სული”, “ბიბლია – ხელოვნების წყარო”.
ბავშვებთან შეხვედრის ყოველი დღე მახსენებს კონფუცის სიტყვებს: “ის, ვინც წარსულის ჭვრეტისას ხედავს მომავალს, ღირსია იწოდებოდეს მასწავლებლად”.
პედაგოგი შემთხვევით გავხდი, მაგრამ ჩემი ხვედრი არასდროს მინანია – ეს პროფესია, თუ წესიერად აღასრულებ, “განუკურნებელ” ღირსებას ბადებს. ვერავინ ზემოქმედებს მომავალზე ისე, როგორც მასწავლებელი და არაფერი ბადებს ისე თავისუფლებას, როგორც მასწავლებლობა.
მადლიერების სიტყვები, რომლებიც არაერთხელ მომისმენია, მარადისობას მაგრძნობინებს. მასწავლებლობა სწორედ მისი (მარადისობის) მსახურებაა – ტყუილად არ არის მოხსენიებული იესო სახარებაში ორჯერ “პედაგოგად”.
ხვალ დილას კვლავ ჩემს სივრცეში მივდივარ. ბავშვებს უნდა ვასწავლო ის, რაც ვიცი და რისიც მჯერა, ან არ მჯერა – აზრის მიზანშეწონილობის გამო “გადამალვა” მასწავლებლის საქმე არ არის. აქ ზღვარს მხოლოდ ზნეობა და ესთეტიკა ავლებს.
რა არის მორიგი გაკვეთილი? – შეხვედრა ღმერთთან, რომელმაც ამჯერად ასე გამოჩენა ინება.”

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი