პარლამენტის ბიურომ „გირჩის“ შეთავაზება მათ მიერ ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, არ გაითვალისწინა

პარლამენტის ბიურომ “გირჩის“ შეთავაზება მათ მიერ ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, არ გაითვალისწინა.
როგორც “გირჩის“ დეპუტატმა მ ბიუროს სხდომაზე განმარტა, მათი საკანონმდებლო პაკეტი თავისი შინაარსით ლეგალიზებას უკეთებს იმ საქმიანობის გამჭვირვალობას, რითაც ხელისუფლებაც არის დაინტერესებული.
“ჩვენი შემოთავაზებაა, რომ აქციებისა და კონტრაქციების ნაცვლად, შუალედური გამოსავალი ვიპოვოთ. ჩვენი კანონპროექტით ლობიზმი მათ შორის პოლიტიკური სუბიექტებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის ხდება დასაშვები. ის ორგანიზაციები, რომელთა გამჭვირვალობაც თქვენ გაინტერესებთ, ლობისტების რეესტრში დარეგისტრირდებიან და ე.წ. უცხო ძალისა და აგენტების შემოტანა საჭირო არ იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე.
უმრავლესობის წევრებმა არ გაიზიარეს “გირჩის“ პოზიცია, რომ ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტი “ქართული ოცნების“ ინიციატივის პარალელურად, დაჩქარებული წესით განეხილათ.
“კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას ეხება. ეს ეხება ყველა ტიპის საქმიანობის გამჭვირვალობას, როცა თანხა უცხოეთიდან არის გადმორიცხული, ხოლო პოზიტიურ თუ ნეგატიურ საქმიანობას ხმარდება, ამას მოსახლეობა შეაფასებს და პასუხი არჩევნების შემდეგ გვეცოდინება“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა იაგო ხვიჩიას პასუხად.
პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ იმ პირთა წრის გაფართოების ინიციატივით გამოდის, ვისაც ლობისტური საქმიანობისა და ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღების უფლება ექნება.
პარლამენტის ბიუროს “გირჩის“ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომლის მიხედვით, ყველა პირს ექნება შესაძლებლობა, გახდეს ლობისტი. ამავე პროექტით, პოლიტიკურ გაერთიანებებს, პარლამენტისა და საკრებულოების დეპუტატებს ენიჭებათ უფლება ლობისტური საქმიანობის შედეგად შემოსავალი მიიღონ, რისი უფლებაც მათ ახლა არა აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ