პარიზში მულენ რუჟის ცნობილი წითელი ფრთები ჩამოვარდა

პარიზის გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ცნობით, ცნობილი მულენ რუჟის შენობიდან წითელი ფრთები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, შემთხვევა 25 აპრილის ღამის 2-დან 3 საათამდე მოხდა.
მულენ რუჟის კაბარეს შენობა პარიზში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რის გამო ჩამოვარდა წითელი წისქვილის ცნობილი ფრთები. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და შენობის სხვა ტიპის დაზიანების რისკი არ არსებობს.
“ყოველ კვირას კაბარეს ტექნიკური გუნდი ამოწმებს წისქვილის მექანიზმს და მათ რამე პრობლემა არ შეუნიშნავთ” – თქვა AFP-ის წყარომ.
როგორც ცნობილია, მსგავსი ინციდენტი მულენ რუჟში პირველად მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ კაბარე ამ ადგილას 1889 წლის 6 ოქტომბერს გაიხსნა.