პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას – ერთ პიროვნებაზე ლაპარაკობთ, რომელზეც აქამდე იძახდით, საქართველოდან გარბისო, ახლა იძახით, შემოდის და თანხებს აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ – აშშ-მ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის?! ვერაფერს ვეღარ გააკეთებ

რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო – -მ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას?! თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს ვერ გააკეთებ – რა საქართველო, რის საქართველო! – ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელთა აზრით, ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს და მის მიმართ მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება.
სანქციების თემაზე საუბრისას კვიჟინაძემ ისიც აღნიშნა, რომ “იმის თემა, ვინც დასანქცირებულია, დახურულია და არაფერი უშველის“.
“არაფერია ცუდი იმაში, როცა ოფშორში დარეგისტირებული კომპანიები საქართველოში გადმოვა – აქამდე სხვანაირად ამბობდით და ახლა სხვა რამეს იძახით!
სანქციებზე საუბარი ზოგიერთისგან მიკვირს, თორემ ყველამ შეიძლება ეს არ იცოდეს – რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო! აშშ-მ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის მაგას? საქართველო დაგიფარავს? აშშ და ევროპა რომ სანქციებს აწესებს, ჩინეთი, რომელიც მეორე ეკონომიკაა ნომინალში, ხოლო გამოშვებული პროდუქციით პირველი, ის ერიდება და არ აკეთებს მაგას და საქართველო დაიცავს, იქნება პაატა თუ გივი?! თუ საქართველოში გადმოიტანს და ანგარიშზე დადებს, ბანკი გაქრება – ყველა გადარიცხვა ამერიკული და ევროპული ბანკებიდან ხდება! თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს ვერ გააკეთებ – რა საქართველო, რის საქართველო!
თან ერთ პიროვნებაზე ლაპარაკობთ, რომელზეც აქამდე იძახდით საქართველოდან გარბისო. ახლა იძახით შემოდის და აქ აბანდებსო – ჯერ გაერკვიეთ, რა გინდათ და რაზე საუბრობთ!“, – განაცხადა კვიჟინაძემ ოპოზიციის საპასუხოდ.
პარლამენტი მუხლობრივად “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.
ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.
საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: – პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, მ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.