საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია „ოცნების“ ნარკოპოლიტიკის გამამკაცრებელ ცვლილებებს აფასებს დესტრუქციულად, საბჭოთა სადამსჯელო ნარკოპოლიტიკასთან დაბრუნების საფრთხედ და კატასტროფული შედეგების მომტანად. შესაბამისად, ასოციაცია სთხოვს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ შეაჩერონ რეფორმა.
იმ ფონზე, რომ ცვლილებების ინიციატორები ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას ხსნიან „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებით”, ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, საქართველოს ნარკოპოლიტიკა არასდროს ყოფილა ლიბერალური. საქართველოს ნარკოპოლიტიკა, საბჭოთა ინერციით, ტრადიციულად იყო და არის დამსჯელობითი.
სფეროს ექსპერტების თქმით, ქვეყანაში არსებული რთული ნარკოვითარების მიზეზებია:
· წამალდამოკიდებულებისა და თამაშდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციისა და მტკიცებულებითი პრევენციის არასაკმარისად განვითარებული და ფინანსურად ხელმიუწვდომელი შესაძლებლობები;
· დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა გავრცელებული პრობლემების სამკურნალო და პრევენციული უფასო სერვისები არარსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი პრობლემები ერთ-ერთი წამყვანი რისკფაქტორია ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაში;
· სიღარიბის (დამოკიდებულების რისკფაქტორი) გამო მიუწვდომლობა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, რაც დამოკიდებულების თავიდან აცილების დაცვითი ფაქტორია;
· უმუშევრობის გამო ემიგრაციაში წასული მშობლების ფონზე, ბავშვების დისფუნქციურ ოჯახურ გარემოში გაზრდა, რაც ასევე არის დამოკიდებულების რისკფაქტორი;




