„ოცნების“ პარლამენტმა დიპლომატიური სამსახურის კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის ავტორი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროა. წარმოდგენილი ცვლილებებით, დაკორექტირდა და ახლებურად ჩამოყალიბდა ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრეს, ასევე დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირის შეფასების პერიოდულობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ემატება ისეთი ნორმები, რომელთა დაცვაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის, დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესებისა და ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელად დაცვის უზრუნველსაყოფად.
კერძოდ, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, „სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება, დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე“.
ამასთან, დიპლომატიური სამსახურის პრინციპების ჩამონათვალს დაემატა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვის პრინციპი.
ცვლილებები შედის კანონის იმ ნორმებში, რომლებიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში მყოფი პირის 6 თვემდე ვადის გაგრძელების შესაძლებლობა გაიზარდა ერთ წლამდე ვადით.
ცვლილების თანახმად, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, წარმოადგენს პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველს.
დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ იმ პირთა წრეს, რომლებიც როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვეულნი იქნებიან, ემატება პირი, რომელიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული იქნა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე.
ცვლილებები ითვალისწინებს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდას 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სამინისტროში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული პირის გარდა, ასევე დამატებით განისაზღვრა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით გათვალისწინებული თანამდებობის პირი.
ცვლილების მიხედვით, საერთო საჯარო პრინციპის გათვალისწინებით, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად შეფასებას დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთჯერ შეფასების ნაცვლად).
ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში საგარეო საქმეთა სამინისტროს მომზადებულ ცვლილებებს დაგეგმილ საკადრო წმენდას უკავშირებენ. მათი განცხადებით, ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სისტემისთვის არასასურველი კადრების მოშორებაა.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით. მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამინისტროდან 250 ადამიანს ათავისუფლებს.გარდა ამისა, სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს აუქმებს. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში შეიქმნება ახალი დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გაერთიანებს.საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.კანონში შესული ცვლილებებით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდა. მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა, რომ რეორგანიზაციით დასაქმებულები სამსახურიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ.