„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ბრიტანეთის მარეგულირებელ კომისიაში BBC-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, თუმცა ეს დაპირება უკვე მესამე კვირაა ისმის და იურიდიული ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ დემონსტრაციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერება არ გამოუყენებია, თუმცა საქმეზე არსებულ მთავარ კითხვებს პასუხი კვლავ არ აქვს.
მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, ხელისუფლება უარს ამბობს სიმართლის დადგენის ალტერნატიულ მექანიზმებზე. „ქართულ ოცნებას“ საკუთარ პარლამენტში შესთავაზეს საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა გარემოების გამოკვლევა, თუმცა ივანიშვილის პარტიამ ეს წინადადება არ მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ნივთიერებას ურევდნენ სპეცრაზმელები წყალში 2023 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით – იმ პერიოდში, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. სუს-ის გამოძიება მხოლოდ 4–5 დეკემბრის ღამეს ეხება, მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ წყალში ნივთიერება იყო გარეული. ამ შეკითხვას პასუხი არც პაპუაშვილმა გასცა.
“ოცნების” გუნდი არც საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს და არც დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას განიხილავს. ამის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდოს და ენდოს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ჩატარებულ გამოძიებას.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თავად წყალში ქიმიური ნივთიერების გარევის ფაქტიც კი საკმარისი საფუძველია სრულფასოვანი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად. გიორგი გახარიას გუნდის შეფასებით, აუცილებელია ყველა პასუხისმგებელი პირის გამოკითხვა, სრული დოკუმენტაციის გამოთხოვა და მოვლენების ობიექტური გამოძიება. მათი თქმით, სხვა სანდო პლატფორმა სიმართლის დასადგენად არ არსებობს, რადგან ხელისუფლებისგან საკუთარი შესაძლო დანაშაულის მიუკერძოებელი გამოძიება მოსალოდნელი არ არის.




