„ოცნება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს კიდევ უფრო ამკაცრებს

თუ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირი ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
შესაბამისი ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ დაჩქარებული წესით შეაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 166-ე, 173-ე, 173-ე მე-16 პრიმა და 174-ე პრიმა მუხლებს.
ეს ის მუხლებია, რომელიც ხშირად გამოიყენება საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ადამიანებთან მიმართებით.
ცვლილებების მიღების შემდეგ, თუ აღნიშნული მუხლების დარღვევის მიზეზით დაჯარიმებული პირი შესაბამის ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული, არამედ მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
ასევე ცვლილება შედის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესშიც. კერძოდ, თუ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში.
ამასთან, დასახელებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.

ასევე დაგაინტერესებთ