სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტმა, 79 ხმით, 11-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია, რომლითაც მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება.
კერძოდ:
· მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებიც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება — შესაბამისად, ემიგრანტები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვერ შეძლებენ;
· საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღებისას ხმის ჩაწერა იკრძალება;
· საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება. ამჟამად მოქმედი რედაქცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მიერ შიდაუწყებრივ საკითხებთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს;
· იცვლება შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტის მიღებული ხმების პროცენტულ წილში მითითების პროცედურა — მიღებული ხმების პროცენტული წილი საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში აისახება დამრგვალების გარეშე, მთელი რიცხვის მარჯვნივ არაუმეტეს 5 ციფრის მითითებით;
· იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა, რომლის შედეგად, ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი, იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა;
· კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას;
· საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ამომრჩეველთა ბარათების დარიგების ვალდებულება;
· პარტიას საარჩევნო სიაში უპარტიო კანდიდატების წარდგენის უფლება არ ექნება. ცვლილებებით, პარტია უფლებამოსილია, კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს უპარტიო კანდიდატს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში ან რეგისტრირებულ კანდიდატს გაუუქმდება რეგისტრაცია;
· ზუსტდება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადა. მოქმედი რედაქციით, საკრებულოს პირველ სხდომას ცესკო იწვევს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. პროექტით, პირველი სხდომის მოწვევა გათვალისწინებულია საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
საკითხზე მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა საარჩევნო უბანზე აუდიო ჩაწერის აკრძალვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საჭიროებით ახსნა.
არის სურვილი იმისა, რომ პარლამენტსა თუ ადგილობრივ ორგანოებში ერთ პარტიას მიტმასნილი შევიდნენ, სავარძელი აიღონ და შემდეგ დაიშალონ – არანაირი ერთობა იდეებში, პოლიტიკურ ხედვებსა და სურვილებში! სწორედ ეს გვინდა რომ შევზღუდოთ! – ასე ახსნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ ის ახალი რეგულაცია, რომლის ამოქმედების შემდეგ, პარტიები საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში არაპარტიული პირების კანდიდატებად წარდგენას ვეღარ შეძლებენ.
როგორც მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს აკრძალვა პარტიული დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
პარტიული დემოკრატიის განვითარებით ახსნა მათიკაშვილმა პარტიულ სიაში უპარტიო წევრების შეყვანის აკრძალვა. მისი თქმით, წინასაარჩევნო ხდებოდა უპარტიო წევრების „მიტმასნება“ „პოლიტიკური კორუფციის სურნელით“ და შემდგომ „მარტივ მამრავლებად დაშლა“.
„არანაირი ერთობა იდეებში, პოლიტიკურ ხედვებში, პოლიტიკურ სურვილებში, მხოლოდ სურვილი, რომ ერთ პარტიას „მიტმასნებული“ შევიდნენ და აიღონ ის კონკრეტული სავარძელი, რომელიც ეკუთვნით მიღებული ნამდვილი ხმების შესაბამისად და მერე — დაშლილი ერთობა. აი, ეს გვინდა, რომ შევზღუდოთ, ეს მართლა შესაზღუდია, იმიტომ, რომ უნდა გაძლიერდეს პარტიული დემოკრატია“, — განაცხადა მათიკაშვილმა.
ამ თემაზე:
კენჭისყრის შენობაში აუდიოს ჩაწერა აიკრძალება – “ოცნების” კანონპროექტი
„ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს




