ოფშორული ზონიდან საქართველოში კომპანიის გადმომტანი პირი აღარ დაიბეგრება – კანონპროექტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაბეგვრისგან გათავისუფლდება.
“შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:
ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
ბ) აქტივის/საქონლისსაქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.
შენიშვნა: 1. ეს ნაწილი გამოიყენება: ა) თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი); ბ) მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის”. – ნათქვამია კანონპროექტში.
საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებას ეხმაურება პარლამენტის წევრი და სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტით “ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები”.
“ამ წუთას, მოულოდნელად, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პტოცენტს.
ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად.
ელოდა სანქციებს!
გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას.
ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს”. – წერს გოცირიძე.
პარტია გირჩის დეპუტატი ც გამოეხმაურა ახალ კანონპროექტს, ის წერს, რომ “ოცნება შესაძლო სანქციებისთვის ემზადება”.
“როგორც ჩანს, ოცნება შესაძლო სანქციებისთვის ემზადება. დაჩქარებული წესით, საგადასახადო ამნისტიასთან ერთად, შემოდის დროებითი ნორმა, რომლის თანახმად, თუ ფიზიკური პირი ოფშორული ტერიტორიებიდან საქართველოში გადმოიტანს კომპანიას, ის არ დაიბეგრება (ახლა იბეგრება, რათა ფულის გათეთრება არ ხდებოდეს). გარდა ამისა, თუ იგივე ფიზიკური პირი ამ პროცესში საქართველოში მის საკუთრებასაც შემოიტანს, მაგალითად, თვითმფრინავს ან მანქანას, ის ასევე არ დაიბეგრება იმპორტის გადასახადით და არც ქონების გადასახადით 2030 ლწამდე.
ახლა გასარკვევია, თუ ვინ არის ის ფიზიკური პირი, ვისაც ოფშორულ ტერიტორიებზე კომპანიები აქვს და აპირებს იქიდან ფულის შემოტანას, თვითმფრინავებსა და მანქანებთან ერთად. რაიმე ვერსიები?”. – აღნიშნა რაქვიაშვილმა.