ომბუდსმენი ე.წ. აგენტების კანონის ავტორებთან კონსულტაციების გამართვის მზადყოფნას გამოთქვამს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განმეორებით ინიციირებას საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ინიციატივის მიზანი – საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა – წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზებასა და ადამიანების ღირსების შელახვაში.
სახალხო დამცველის პოზიციით, „ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა“ შესაძლებელია მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებების შეტანის გზით.
„ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული იყო მსგავსი კანონპროექტები, რომლებიც სახალხო დამცველის 2023 წლის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, შეფასებული აქვს ეუთო/ოდირს და მიჩნეული აქვს ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად.
საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.
შესაბამისად სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას“, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და ზემოაღნიშნული eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია მარტივად იქნას მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი.
„საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოხატავს – განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
სახელშეცვლილი, თუმცა შინაარსობრივად უცვლელი კანონპროექტის წარდგენას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკვე მოჰყვა. კანონპროექტში ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ იცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „საქართველოსთვის“ კანონპროექტის ალტერნატიული პროექტები წარადგინა. ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი – ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება “საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა…”
ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ “აგენტების კანონს”, მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
9 აპრილს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე – „თავისუფლების მარში” გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირება საქართველოს პარლამენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს