ოლივერ ვარჰეი ელჩების კონფერენციაზე – 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი, თქვენი ქვეყანა არჩევნებს ჩაატარებს – ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას

საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ვიდეო-მიმართვისას განაცხადა. მისი შეფასებით, 2024 წელი მორიგი გადამწყვეტი წელი იქნება საქართველოსთვის, როდესაც საქართველოში ჩატარდება.
„თქვენ იმყოფებით წინასაახალწლო, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ შობას და ახალი წლისთვის ვემზადებით. ნება მომეცით მოგილოცოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არ არის საჩუქარი, ეს არის თქვენი ხალხის და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი, თუმცა, ეს დიდი შრომა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მხრიდან ჩვენ გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მლნ ევრომდე, რათა საქართველო ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს. მომდევნო კვირებსა და თვეებში ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტიც, ჩვენ გვსურს დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტების და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის მოსამზადებელ სამუშაოებს. ასევე, 20 მლნ ევროს საინვესტიციო გრანტს ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელისთვის. ყველა მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. ასევე, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 65 ათასზე მეტ ქართველ მცირე და საშუალო საწარმოებს იმისთვის, რომ სრულად მიეღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებელი. რეფორმის მტკიცე კურსის გაგრძელებით საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორობამ შეიძლება იქონიოს. თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას. მწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი“,-განაცხადა ვარჰეიმ.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან მუშაობას.
„2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა არჩევნებს ჩაატარებს. სავარაუდოდ, გეოპოლიტიკური გამოწვევებიც არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშის 9 ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ნებას მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. ბედნიერ შობას გისურვებთ“,-განაცხადა ვარჰეიმ.

ასევე დაგაინტერესებთ