ოკუპირებული პორტი ოჩამჩირეში – არსებული მდგომარეობა და საფრთხეები

ჩაითრევს თუ არა საქართველოს ომში და არა დასავლეთი? ამ კითხვაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება დუმს. ერთ-ერთ „ომის პარტიად“ ამ დრომდე, “განიხილება” დასავლეთი და ოპოზიცია. თუმცა, როგორც კვლევები მოწმობს და რასაც ემპირიული ფაქტები და მათზე დაკვირვება აჩვენებს, საქართველოს ომში ჩამთრევი სწორედ რომ რუსეთი იქნება. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული “პონარს” ქსელის მიერ გამოცემულ პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც რუსეთის მიერ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსებას ეხება და მის გავლენას ზომავს საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ნათქვამია, რომ რუსეთი, როგორც ოკუპანტი უკვე არის წარმოდგენილი სამხედრო ბაზებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. თუმცა საზღვაო პორტი ოჩამჩირეში, ესაა დამატებით, ოკუპაციის ხარისხის გაძლიერება, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს სამომავლო პერსპექტივაზე, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე, ისე საზღვრების აღდგენის პერსპექტივასა და სავაჭრო პოტენციალზე.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, სალომე მინესაშვილი, ამბობს, რომ ოჩამჩირეში საზღვაო პორტის მშენებლობა უნდა განვიხილოთ რუსეთის იმ ქმედებების ნაწილად, რომლის თანახმად, რუსეთი უკან იხევს დან. „რუსებმა უკვე გადმოიყვანეს სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკის ნავსადგურში დაახლოებით, 17 ხომალდი დისტანციის დასაჭერად.
გაცხადებული მიზნის თანახმად, იგეგმება სამხედრო გემების შეყვანა და მუდმივი ბაზის მოწყობა ოჩამჩირეში. მიმდინარეობს სამუშაოები პორტის გაფართოებისთვის. ოჩამჩირეში შესაძლებელია სარაკეტო კორვეტების შეყვანაც, რასაც, ამ დროისთვის, რუსეთი აქტიურად იყენებს ზე თავდასასხმელად“,- გვეუბნება სალომე მინესაშვილი.
მკვლევარი ამბობს, რომ ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო ბაზის გახსნით, საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ამით კიდევ უფრო იზრდება ოკუპაციის ხარისხი. „მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ საქართველოს არ გააჩნია საზღვაო ბაზა და განსაკუთრებით მოწყვლადია ამ მიმართულებით,“- აცხადებს სალომე მინესაშვილი.
რუსეთმა ოჩამჩირის პორტი საქართველოზე აგრესიისთვის უკვე გამოიყენა 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს. 2009 წლიდან კი რუსეთმა ის აქცია რუსული სანაპირო დაცვის გემების ბაზად. ამავე პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, რუსეთმა ეს ტერიტორია გამოიყენა რკინიგზის პლატფორმების რეაბილიტაციისთვისაც სოხუმის პორტთან წვდომის მიზნით.
2008 წლის ომის შედეგები საქართველოსთვის რთული იმითაც აღმოჩნდა, რომ გაუქმდა საზღვაო ძალები და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა სანაპირო პატრული. მინესაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო, რომელსაც არ გააჩნია საზღვაო ძალები, ისედაც მკვეთრად არათანაბარ მდგომარეობაშია რუსეთთან.
ოჩამჩირეში რუსეთის მიერ ბაზის მშენებლობის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციამ რეზოლუცია დააინიცირა გასულ წელს, თუმცა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ოპოზიციის პოპულიზმის სურვილად მონათლა და მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოჩამჩირის პორტის საკითხთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოჩამჩირის პორტის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და რომ მთავარი პრობლემა ოკუპაციაა.
„საფრთხეები არის და უპირველესად ეს საფრთხეები ოკუპაციითაა განპირობებული. ოჩამჩირის ბაზა არის დამატებითი ინსტრუმენტი, თუმცა მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია. ხარისხობრივად, საფრთხესთან შედარებით, რომელიც ოკუპაციიდან მოდის, დიდ სხვაობას არ იძლევა იმ მხრივ, რომ საფრთხე, რაც ისედაც არსებობს ოკუპაციიდან გამომდინარე. ამიტომ, აქ მთავარი პრობლემა არის არა ბაზა, ან სხვადასხვა აღჭურვილობა, არამედ მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ეს საფრთხეც დასრულდება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის ამსახველი კადრები გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“. მისი ლიდერი, დავით ქაცარავა, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ დრონით გადაღებული ვიდეო მასალა აფხაზი მეგობრებისგან მიიღო. კადრებში ჩანს, რომ ტექნიკა მუშაობს ტერიტორიაზე და ისეთი ინფრასტრუქტურული ნაგებობებია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არ არსებობდა.
„ოჩამჩირის პორტი მიიღებს და განათავსებს რუსულ სამხედრო გემებს თავის ტერიტორიაზე. თუ ჩვენ შევადარებთ ამ მასალას 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებელს, დავინახავთ, რომ იმ დროისგან განსხვავებით, ახლა იქ დგანან გემები. გავსებულია სამშენებლო ტექნიკით ეს ტერიტორია. დაემატა რამდენიმე შენობა, გაფართოვდა პორტის შემოსასვლელი,“- ამბობს დავით ქაცარავა.
ოკუპაციის ხარისხის გაზრდის მაჩვენებელია ისიც, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც, დაახლოებით, 35 კილომეტრითაა დაშორებული ანაკლიის პორტიდან, დააზარალებს ამ პროექტს და ზოგადად, საქართველოს სავაჭრო პოტენციალს. სალომე მინესაშვილი გვეუბნება, რომ რუსული სამხედრო საფრთხისგან ასეთ სიახლოვეს პორტის მშენებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან მშვიდობიანი პორტისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსული სამხედრო ფლოტის სიახლოვე.
ამით საფრთხე ექმნება შუა დერეფნის პროექტსაც და შავი ზღვის უსაფრთხოებასაც. „რუსეთი ცდილობს ჰეგემონიას რეგიონში. შავი ზღვის ქვეყნები ნატოს წევრებიც არიან, ამავდროულად. ამდენად ეს პრობლემა სცდება ეროვნულ დონეს და რეგიონისთვის არსებული საფრთხის კვალიფიკაციას იძენს,“- მიიჩნევს მინესაშვილი.
„ოჩამჩირის პორტი, რომელიც უკვე რუსულ სამხედრო პორტად გარდაიქმნება, ანაკლიიდან დაშორებულია 32-35 კილომეტრით. ანაკლიის პორტის მშენებლობა გაჩერებულია ამ დროისთვის, მაგრამ, შესაძლოა, ვერც გაგრძელდეს, რადგან მის სიახლოვეს რუსული სამხედრო ფლოტის არსებობა, დიდი საფრთხეა,“- დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ოჩამჩირეში პორტის სიღრმე 9 მეტრს არ აღემატება და არსებული მდგომარეობით, მას მნიშვნელოვანი რაოდენობის და დიდი წყალწყვის გემების მიღება არ შეუძლია, არ ნიშნავს, რომ საფრთხე განეიტრალებულია, ან რამდენიმე წლითაა გადადებული,- მიიჩნევენ პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები.
„არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ესაა პროექტი, რომელიც პრობლემებს გაგვიჩენს წლების შემდეგ. ეს ასე არაა. შესაძლოა, სამუშაოები პორტის ამუშავებისთვის ძალიან სწრაფად დაასრულონ. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ რუსული გემები უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, მაღალია რისკი, რომ საქართველო აღმოჩნდეს ომში ჩათრეული. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ეგრეთ წოდებული „ნეიტრალური“ პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, ჩამოიშლება. საქართველო იძულებული იქნება, მხარე ღიად და ნათლად აირჩიოს. საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, ამიტომ რუსეთი ბევრ რისკზე წავა იმისთვის, რომ შემოაბრუნოს საქართველო თავისკენ,“- გვეუბნება სალომე მინესაშვილი.
„რუსული საოკუპაციო რეჟიმი ოჩამჩირის პორტს ამზადებს ნავსაყუდლად თავისი სამხედრო გემებისთვის. ბუნებრივია, რუსული ფლოტის ყველაზე დიდი სამხედრო გემები აქ ვერ შემოვა, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი სათადარიგო პორტი, სადაც რუსეთი შეეცდება დაემალოს უკრაინულ დრონებს. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინული სამხედრო კომპლექსი დღეს იმ კონდიციაშია, რომ შეძლებს აქაც მისწვდეს რუსეთის სამხედრო გემებს და ამის თაობაზე, ღიად, უკვე ითქვა შეიარაღებული ძალების სარდლობის მხრიდან. სადაც კი არ უნდა წავიდნენ რუსული სამხედრო გემები, ისინი წარმოადგენს ლეგიტიმურ სამიზნეს უკრაინისთვის. ჩვენ უნდა ველოდოთ, ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო გემების გამოჩენას და ველოდოთ უკრაინულ დრონებს, რომლებიც ამ პორტში გაანადგურებენ რუსულ გემებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, რუსეთის მიერ ჩათრეული იქნება ომში უკრაინის წინააღმდეგ,“- გვეუბნება დავით ქაცარავა.
ერთ-ერთი საგულისხმო რჩევა, საქართველოს ხელისუფლებისთვის, პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, რაც ოჩამჩირის პორტსა და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს ეხება, დასავლეთის, როგორც მაშველი რგოლის გამოყენებაა. საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ წლების განმავლობაში. შავი ზღვის ფაქტორიდან გამომდინარე, ამჯერად, საერთო ინტერესებიც მრავლადაა დასავლელ პარტნიორებსა და საქართველოს შორის. რამდენად ეფექტურად იმუშავებს საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დაცვისა და განვითარებისთვის, ერთ-ერთი მარკერი ოჩამჩირისა და ანაკლიის პორტების მშენებლობის დინამიკაც იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ