ნეპალში სოცქსელების აკრძალვას მასობრივი პროტესტი მოჰყვა, პრემიერი გადადგა

ნეპალში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების ესკალაციის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა.
„ქვეყანაში არსებული არახელსაყრელი ვითარების გათვალისწინებით, მე დღეიდან გადავდექი თანამდებობიდან, რათა ხელი შევუწყო პრობლემის გადაჭრას“, — ნათქვამია ოლის მიერ პრეზიდენტ რამ ჩანდრა პაუდელისადმი გაგზავნილ წერილში.
73 წლის შარმა ოლი 2008 წლიდან, მეოთხე ვადით იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. ოლიმდე გადადგომა მოუწია მთავრობის კიდევ ორ წევრს.
ორი დღის განმავლობაში, არეულობას ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ცნობით, ყველაფერი დაიწყო სოციალურ მედიაში ახალგაზრდული კამპანიით „ნეპო ბავშვების“ (ნეპოტიზმის ბავშვები) შესახებ. კამპანია პოლიტიკოსების შვილების ფუფუნების ცხოვრების წესს და კორუფციის შესახებ ბრალდებებს ამზეურებდა.
გასულ პარასკევს მთავრობამ სოციალური მედიის 26 პლატფორმის, მათ შორის Facebook-ისა და YouTube-ის აკრძალვა გადაწყვიტა, რამაც პროტესტი გაამწვავა. 8 სექტემბერს, ნეპალის მთავრობამ სოციალური ქსელების აკრძალვა გააუქმა. თუმცა ამის და კომენდანტის საათის მიუხედავად, პროტესტის ჩახშობა ვერ შეძლო. მომიტინგეებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს და რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის სახლი დააზიანეს.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა პარლამენტის შენობაში მომიტინგეების შეჭრის წინააღმდეგ. შეტაკებებისას გუშინ 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა დღეს.
ნეპალის მთავარი აეროპორტი დაკეტილია.