ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლას მარტოც გააგრძელებს

ს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ჰამასის დასამარცხებლად ბრძოლას სხვების დახმარების გარეშეც გააგრძელებენ და თუ საჭირო გახდება, შიშველი ხელებით იომებენ. ვიდეომიმართვაში, რომელიც 9 მაისს ღამით გამოქვეყნდა, ნეთანიაჰუმ გამოიყენა სიტყვები „ფრჩხილებით ბრძოლა” და დასძინა, რომ საბედნიეროდ, გამარჯვებისთვის აქვთ ფრჩხილებზე გაცილებით მეტი.
ისრაელის მთავარი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირაში განაცხადა, რომ შეწყვეტენ იარაღით ისრაელის დახმარებას, თუ ისრაელი ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში დაიწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ასეთი ოპერაცია დაუშვებელია, რადგან სამოქალაქო მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.
ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ თავი შეაფარა ღაზის სექტორის სხვა რაიონებიდან დევნილმა ასეულობით ათასმა პალესტინელმაც.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ რაფაჰში სრულმასშტაბიანი ოპერაციის გარეშე ჰამასზე გამარჯვება შეუძლებელი იქნება.
ისრაელის არმიის ოფიციალურ წარმომადგენელს, დანიელ ჰაგარის, 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ისრაელი ამერიკული იარაღის გარეშე სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას, მათ შორის რაფაჰში. ჰაგარიმ უპასუხა, რომ ისრაელის არმიას დაგეგმილი ოპერაციებისთვის საჭირო იარაღი აქვს.
ისრაელის სამხედრო ავიაცია უკვე ერთი კვირაა, რაფაჰზე ე.წ. წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს.
კვირის დასაწყისში, 6 მაისს, ისრაელმა ევაკუაციისკენ მოუწოდა რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებთ. 7 მაისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სატანკო ქვედანაყოფებმა კონტროლი დაამყარეს რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ეს პუნქტი ღაზიდან ეგვიპტისკენ მიმავალი ერთადერთი გზა და მშვიდობიანი პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა რაფაჰის მცხოვრებთ ევაკუაცია მოსთხოვა, ქალაქიდან გაიქცა 80 ათასზე მეტი ადამიანი.
ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, რადიკალური ისლამისტური მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.
ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით დაიღუპა 34 600-ზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ისრაელის ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
ფორუმი