მწერალი ისმაილ კადარე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ალბანელი მწერალი ისმაილ კადარე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია კადარეს გარდაცვალების შესახებ მისმა გამომცემელმა და რედაქტორმა, ბუჯარ ჰუდჰრიმ გაავრცელა. მისი ცნობით, ისმაილ კადარე 1-ელ ივლისს საავადმყოფოში გადაიყვანეს, კადარე გულის შეტევით გარდაიცვალა.
ისმაილ კადარეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტებია “ალყა”, “ოცნებების სასახლე”, “მკვდარი არმიის გენერალი” და “გახლეჩილი აპრილი”. მის შემოქმედებაში წარმმართველია ბალკანური ისტორიის და კულტურის თემა. კადარეს ტექსტებში მითოსი და ალეგორიები ხშირადაა გამოყენებული გამომსახველობით ხერხად.
1990 წელს ისმაილ კადარე კომუნისტური ალბანეთიდან საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. კადარეს ტექსტები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულ ენაზეა გამოცემული “მკვდარი არმიის გენერალი” და “გახლეჩილი აპრილი”. ისმაილ კადარე რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, ასევე მიღებული აქვს ბუკერის პრემია.