მქონდა კარგი დისკუსია საქართველოსთან, ძალიან დადებითად ვართ განწყობილი, დარწმუნებული ვარ, კარგ პასუხს ვიპოვით საქართველოსთვის – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
დღეს, ევროკავშირის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. პარალელურად, ილია დარჩიაშვილს ორმხრივი შეხვედრები ექნება კოლეგებთან, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში.
მთავარი თემა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ასრებული მოლოდინებია. სწორედ 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგი და მზადება არის მთავარი საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ნახევარ საათში დაიწყება.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის განცხადებით, ფინეთი ევროკავშირის გაფართოების ერთგული მხარდამჭერია.
“ფინეთი ევროკავშირის გაფართოების ძალიან ერთგული მხარდამჭერია, რაც დამსახურებაზეა დაფუძნებული. მე მქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დადებითად ვართ განწყობილი მათი პროგრესის ნიშნებზე, ბევრი რეფორმის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამაზე კარგ პასუხს ვიპოვით და ეს საქართველოსთვისაც კარგია”, – განაცხადა ელინა ვალტონენიმ.
როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, მინისტერიალზე, ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს იმ პროცესზე და იმ მოლოდინებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან.
“ქართული მხარე მინისტერიალზე, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმ პროცესზე, იმ ფორმებზე და იმ მოლოდინებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან და ამ მიმართულებით, მიმდინარე დღეების განმავლობაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით. ამავდროულად, სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს იმ ახალ ინიციატივებზე თუ პროექტებზე, რომლებმაც შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობას ახალი ფუნქცია და ახალი როლი შესძინოს”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ