რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია, რომლითაც რუს მოქალაქეებს აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა.
“გადაწყვეტილება მიღებულია რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციის გამო”-, ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
“აფხაზეთში სიტუაციის სტაბილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუქმებს აღნიშნულ რეკომენდაციებს. რუსი მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში გამგზავრებას გეგმავდნენ, უკვე თავისუფლად შეძლებენ ამის გაკეთებას. ამასთან, კვლავ აქტუალურია სტანდარტული უსაფრთხოების წესები, რომლებიც ეხება მოგზაურობას, მათ შორის სიფრთხილის დაცვა ღამის საათებში და პოტენციურად საშიშ ადგილებში, ასევე პატივისცემა ადგილობრივი ტრადიციებისა და ჩვეულებების მიმართ”, – აღნიშნეს სამინისტროში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები მუდმივ კავშირში არიან საზოგადოებრივი წესრიგისა და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. “მოსკოვში კარგად იციან, რომ აფხაზეთში რუსი ტურისტების სტუმრობას განსაკუთრებულად ელოდებიან ახალი საკურორტო სეზონის გახსნის წინ. მათი კომფორტული დასვენებისთვის მოსკოვისა და სოხუმის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე (ადლერში) საბაჟო და სასაზღვრო პუნქტების გამტარუნარიანობის გაფართოება, ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების პოტენციალის გაუმჯობესება”, – აღნიშნეს სამინისტროში.
2024 წლის 15 ნოემბერს, აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, თავი შეეკავებინათ მოგზაურობისგან, მათ შორის ტურისტული ვიზიტებისგან, ხოლო იმ პირებს, რომლებიც იმ დროს უკვე იმყოფებოდნენ აფხაზეთში, შესაძლებლობის შემთხვევაში დაეტოვებინათ ქვეყანა.
აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 მარტს ოფიციალურად დაადასტურა “საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნების საბოლოო შედეგები”, სადაც მეორე ტურში გამარჯვება კრემლის ფავორიტმა კანდიდატმა ბადრა გუნბამ მოიპოვა. მისი ინაუგურაცია 2 აპრილს გაიმართება.
